ახალი ამბები

“დემოკრატიული ფრონტი” მინისტრებს ირანული გაზის ფასთან დაკავშირებით პარლამენტში დაიბარებს

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წევრებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ მთავრობა ასაიდუმლოვებს ირანიდან მიღებული ბუნებრივი არის ფასს. საპარლამენტო ფრაქცია პასუხისმგებელ მინისტრებს თებერვლის ბოლო ხუთშაბათს დაგეგმილ სამთავრობო საათზე პარლამენტში დაიბარებს.


“კახა ბენდუქიძესთან ერთად უნდა მობრძანდნენ ის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ საკითხებში და გაგვაგებინონ რატომ უნდა გავიგოთ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებისაგან და რუსული საიტებიდან, თუ რამდენად შევიძინეთ გაზი“, – განაცხადა “დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა.


ირანულმა საინფორმაციო სააგენტომ IRNA–მ ირანის ნავთობის საერთაშორისო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოჰამედ-ჰადი ნეჯად-ჰოსეინიანის სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი თვის განმავლობაში ირანი საქართველოს 30 მილიონ კუბურ მეტრ გაზს 7 მილიონ აშშ დოლარად მიაწვდის. IRNA–ს ცნობით, საქართველომ ეს 7 მილიონი ნაღდი ფულით დეპოზიტზე დადო, გაზის ზუსტი ფასი კი მომავალში განისაზღვრება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ და სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ 1 თებერვალს უარი განაცხადეს ირანული გაზის ფასის დასახელებაზე.
 
“როდესაც ერთი მინისტრი [ბენდუქიძე]ამბობს, რომ მან ამის თაობაზე არ იცის არაფერი, მეორე მინისტრი [გილაური] ამბობს, რომ საერთოდ არ გააკეთებს კომენტარს და მესამე მინისტრი [ჩოგოვაძე] კი ამბობს, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა და არ არის საჭირო, რომ ვიცოდეთ – ეს არის დამაფიქრებელი და აღმაშფოთებელიც… იციან ეს თურქებმაც, რუსებმა, მთელმა მსოფლიომ და ერთადერთი გვიმალავენ ჩვენ“, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა.


ივლიანე ხაინდრავას ინფორმაციით კი, იმ დღეს, 22 იანვარს, როცა მოხდა აფეთქებები რუსეთის გაზსადენზე, ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ირანში იმყოფებოდა.


“ბუნებრივია ისმის კითხვა: იცოდა თუ არა ბატონმა გილაურმა რამე იმის თაობაზე, რომ საქართველოს დასჭირდებოდა ექსტრემალურ ვითარებაში გაზის იმპორტი ირანიდან, თუ იცოდა საიდან იცოდა და საერთოდ რა ინფორმაციას ფლობდა იგი“, – განაცხადა ხაინდრავამ 2 თებერვალს.

Back to top button