
ენერგოკრიზისის დასრულების ფონზე სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს
30 იანვარს მოსახლეობისადმი თავის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა მთავრობის მცდელობებს და განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა და გადალახა ენერგოკრიზისი ქვეყანაში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში 22 იანვარს ორი გაზსადენის აფეთქება, რამაც ენერგოკრიზისი გამოიწვია, ქართველი ერის “დემორალიზაციას” ისახავდა მიზნად.
“თუმცა, ამის ნაცვლად, ამ საბოტაჟმა სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი საზოგადოება გვყავს და ამ კრიზისიდან ის კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდა… ამ დღეებში დავინახეთ, რომ საქართველოს ჰყავს კარგად ორგანიზებული, ერთ მუშტად შეკრული, კარგად კოორდინირებული სახელისუფლებო გუნდი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ჩვენმა ენერგეტიკოსებმა უზრუნველყვეს ის, რომ სისტემის სრული კოლაფსი არ მომხდარიყო, თუმცა ამას ყველა ელოდა. ჩვენ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია შევინარჩუნეთ“, – დასძინა მან.
იგი ასევე მიესალმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ღონისძიებებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა განახორციელეს, რომელთაც, სააკაშვილის თქმით, “ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ“ კრიზისის დროს.
“ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს აქტიური, ეფექტური მთავრობა, რომელმაც იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები“, – განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, კრიზისის დღეებში გამოჩნდა, “თუ რამდენად გაძლიერდა საქართველოს პოზიციები“.
“90-იანი წლებში დენისა და გაზის მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოში ბევრად უარესი მდგომარეობა იყო, ვიდრე ეხლა, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით, ერთხელ არავის უთქვამს, რომ საქართველოში გაჭირვებაა. ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პრობლემები, გაუზვიადებლად ვამბობ, მსოფლიოს მასშტაბით, განსჯის მთავარი საგანი გახდა. ყველა ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით იწყებოდა, ყველა გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ანალიტიკური სტატიები. ფიქრობდნენ, თუ რა საფრთხე ექმნებოდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას [ენერგოკრიზისის თვალსაზრისით]“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ეს ჩვენთვის უდიდესი გარღვევაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ნორმალური ქვეყანა გავხდით, რომელსაც მეგობრები და გულშემატკივრები ჰყავს“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, მოეძებნა ენერგომომარაგების ალტერნატიული წყაროები, ქვეყანას კრიზისის გადალახვაში დაეხმარა.
“უკვე დიდი ხანია, რაც ძალზე ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს. მთელი წელი ვიმუშავეთ ენერგოობიექტების შეკეთებაზე… კრიზისის დღეებში, ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი [ნიკა გილაური] მეზობელ ქვეყნებში [აზერბაიჯანსა და ირანში] გავგზავნეთ, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალი გვეპოვნა. ჩვენ პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ელექტროენერგია სრულად არ გაგვეთიშა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
“ჩვენმა მოძმე აზერბაიჯანმა საკუთარ მოსახლეობას მოაკლო და გაზი და ელექტროენერგია ჩვენ მოგვცა და ეს ძალზე დასაფასებელი და ბევრის მთქმელი ფაქტია“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროს რუსული გაზის წილი საქართველოს ენერგომომარაგებაში მომავალი ზამთრისთვის.
“როდესაც რუსული გაზის ხვედრითი წილი შემცირდება, ფასებით მანიპულირებისა და რაიმე სხვა საბოტაჟის ცდუნება ბევრად უფრო გახუნდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
იგი ასევე მიესალმა 30 იანვარს საქართველოში ირანული გაზის შემოსვლას და ამ ფაქტს “ისტორიული“ უწოდა.
“პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო მხოლოდ რუსული გაზით არ მარაგდება. გაზის ალტერატიული წყარო მრავალი წლის განმავლობაში პირველად გაგვიჩნდა. ამ მიმართულებით მუშაობას მკვეთრად გავაძლიერებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“საქართველოს კომუნიკაციების გამოყენების საშუალებაზე მთელი ევროპა დაფიქრდა, რათა ენერგომატარებლებით სწორედ ჩვენი კომუნიკაციების მეშვეობით მომარაგდეს და მუშაობას ამ მიმართულებითაც ვაძლიერებთ“, – დასძინა მან.
მისი თქმით, ამჟამად ხელისუფლება ენერგეტიკის დარგში მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ამზადებს.
“ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და საერთაშორისო კონკურსს ვამზადებთ ჩვენი ჰიდროენერგორესურსების განსავითარებლად, რათა 2-3 წლის განმავლობაში, ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოს, საქართველო მთლიანად უზრუნველყოფდეს საკუთარ თავს, საკუთარი წარმოების ენერგორესურსებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
“ჩვენ მივაღწიეთ მთავარ რამეს – ნგრევის ეპოქიდან საქართველო აღმშენებლობის ეპოქაში გადავიდა… ყველა სახის შანტაჟზე, საბოტაჟსა და დაშინების მცდელობაზე ჩვენი მთავარი პასუხი მხოლოდ ერთი რამ უნდა იყოს – ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, ჩვენ წუწუნის დრო არ გვაქვს, ეხლა უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ და უფრო ორგანიზებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.