ახალი ამბები

ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი კვლავ ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, მას შემდეგ, რაც იგი ექვსკვირიანი ევროპული ტურნედან საქართველოში დაბრუნდა.

ქართული გაზეთების და საინფორმაციო სააგენტოების მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუებში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მან ევროპული არენა იმისათვის გამოიყენა, რომ დაერწმუნებინა ევროპა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში, ასევე დაესრულებინა თავისი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც იგი შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

საფრანგეთში დაბადებულ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2004 წლის მარტში შესთავაზა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირების შედეგად იგი 2005 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  


საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციაში გადაინაცვლა და საქართველოში პოლიტიკური კარიერისთვის მზადება დაიწყო. ნოემბერში მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია – “სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა“, რომელიც ახლა პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება სახელწოდებით “ინიციატივა დემოკრატიისთვის“.


“მე არასდროს მქონია პოლიტიკური პარტიის [შექმნის] ამბიცია, თუმცა ეს ვერ ავიცილე თავიდან. როგორც იცით, შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები ტარდება, ასე რომ პოლიტიკური პარტია აუცილებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 30 იანვარს რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში.


ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი ახალი პარტიის პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას მიმდინარე კვირას თბილისში გეგმავს.


“მე ევროპიდან ჩემი პლატფორმით დავბრუნდი. ხალხმა უნდა იცოდეს, რა მინდა. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ჩემს შესახებ ამბობენ, რომ მე ვარ ევროპელი, არაკორუმპირებული… მე ვიცი ის ძლიერი ელემენტები, რასაც ჩემი პოპულარობა ეფუძნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და დროა, რომ ამას პასუხი გავცე“, – განაცხადა მან გაზეთ “24 საათი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა.


ზურაბიშვილის თქმით, მისი პარტია “უფრო საზოგადოებრივი და ნაკლებ კონფრონტაციული“ იქნება.


თუმცა, მან შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანდიდატებთან მიმართებაში გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს, რაც ხელს შეუშლის მას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაში. პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა უარყო, რომ ამ ეტაპზე რაიმე შეზღუდვების განხორციელებაა გეგმაში.


“ერთადერთი სამართლებრივი შეზღუდვაა, რომ კანდიდატი არჩევნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. სხვა ახალი ინიციატივა არ იგეგმება“, – განუცხადა კუბლაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 30 იანვარს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წლის მარტში მიანიჭა.


“ჩემი ევროპული ტურნეს ერთ-ერთი მიზანი იყო რამდენიმე ფორუმში მონაწილეობა, მათ შორის მონაკოში, პარიზსა და ვენაში. ჩემი ინიციატივით ასევე შედგა შეხვედრები ევროპელ პარლამენტარებთან ბრიუსელში. ევროპაში მე წარდგენილი ვიყავი, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწე და არა როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი… ჩემთვის მთავარია ევროპას დავანახო საქართველოს მნიშვნელობა, ამის შემდეგ ევროპა თავად გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა გაზეთ “რეზონანსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


ზურაბიშვილის თქმით, იგი ბრიუსელში შეხვდა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჰავიერ სოლანას.


ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიაში მან მოლაპარაკებები გამართა ადგილობრივი ფონდების, მათ შორის კონრად ადენაუერის და ჰეინრიხ ბიოლის ფონდების წარმომადგენლებთან. 


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის ევროპაში მოგზაურობა გარკვეული ტესტი იყო იმისათვის, რათა დაენახა, თუ რამდენად ძლიერია მისი პოპულარობა საქართველოში.


“ჩემი ევროპაში მოგზაურობის ერთ-ერთი მიზეზი იყო დამენახა იყო თუ არა ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა ემოციური, რომელიც რაღაც პერიოდში გაივლიდა, თუ ეს უფრო ღრმა და ძლიერი იყო. მოხარული ვარ, რომ ეს [მხარდაჭერა] არ გაქრა ამ ექვს კვირაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთვის 30 იანვარს მიცემულ ინტერვიუში.  


საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის “გორბი“–ს მიერ დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატების რეიტინგში მესამე ადგილი უკავია და არჩევნების შემთხვევაში ხმების 4%-ს მოიპოვებდა. ამ გამოკითხვაში მიხეილ სააკაშვილი ხმების 60%-ით ლიდერობს, რომელსაც მოყვება კობა დავითაშვილი ხმების 5%-ით. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი მეოთხე ადგილს იკავებს – 3%-ით.  

მსგავსი/Related

Back to top button