
რუსთავის საპყრობილეში ბუნტის მცდელობა აღიკვეთა
30 იანვარს, ღამით ქალაქ რუსთავის N1 საპყრობილეში ჩატარებულ ჩხრეკას პატიმრების მხრიდან ბუნტის მცდელობა მოჰყვა, თუმცა ამჟამად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შედეგად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატიმრებმა ციხის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს და უფლება არ მისცეს “პრივილეგირებული საკნების გაუქმების მიზნით” ჩაეტარებინათ ჩხრეკა, რის გამოც საპყრობილეში დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმი იქნა შეყვანილი.
“დაპირისპირების შედეგად მხარზე მსუბუქი ჭრილობა აღენიშნება ერთ-ერთ პატიმარს თემურ ქოქუაშვილს, ხოლო სპეცდანიშნულების რაზმის ერთ თანამშრომელს თავის არეში მიყენებული აქვს დაზიანება. ორივე დაშავებულს აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.
საპყრობილის შენობის წინ დღეს აქციას მართავენ პატიმრების ახლობლები და აცხადებენ, რომ პატიმრები “სასტიკად” არიან ნაცემები.
თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელმაც უკვე მოინახულა პატიმრები.