
გილაური: საქართველო უკვე დივერსიფიცირებულია გაზის მოწოდების მხრივ
სათბობ–ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 30 იანვარს მარნეულში აზერბაიჯანიდან შემომავალი იმ გაზსადენის ონკანი გახსნა საჯაროდ, რომლიდანაც საქართველოში აზერბაიჯანულ გაზთან ერთად დამატებით 2 მლნ კუბამეტრი ირანული გაზი შემოვიდა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველო დღეს დილის 11 საათიდან იღებს ასევე რუსულ გაზსაც.
“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა საქართველოს სამი ქვეყნიდან აქვს გაზის დივერსიფიცირებული მიღება… ანუ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერ, ტექნიკური თუ სხვა რაიმე პრობლემის შემთხვევაში, 2–3 ქვეყნიდან მიიღოს გაზი“, – განაცხადა 30 იანვარს ნიკა გილაურმა.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე მომწოდებლისგან მიღებული გაზის რაოდენობები განსხავებულია, მინისტრი აცხადებს, რომ მომავალში “ქვეყანა გაზის გარეშე შეუძლებელია დარჩეს“.
ნიკა გილაურის განცხადებით, ირანული გაზის მოწოდება მინიმუმ 10–15 დღის ან ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, “იმის მიხედვით, თუ როგორი სტაბილურობით მოგვეწოდება რუსეთიდან გაზი. ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ეს [ირანული გაზი] ფორსმაჟორულ რეჟიმში გვქონდეს ყოველთვის დარეზერვებული იმისათვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება ხოლმე საქართველოს გაზით მომარაგებას“.
მისი თქმით, საქართველოში ირანული გაზის მოწოდების “პერსპექტივა უკვე არსებობს, თითქმის უპრობლემოდ”.
მინისტრი აცხადებს, რომ ირანული და აზერბაიჯანული გაზით, რაც მთელი საქართველოს მოხმარების 30–35%–ს შეადგენს, უკვე მარაგდება აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილი.
გილაურმა ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც “ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ირანული გაზი შემოვიდოდა საქართველოში, ამის შემდეგ უფრო დაჩქარდა სარემონტო სამუშაოები რუსეთის მხარეს“.
მინისტრის ინფორმაციით, რუსული გაზი უკვე მიეწოდება თბილისს, ქუთაისს, გორს, თელავს და რუსთავს.
“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მაქსიმუმ 3–4 დღის განმავლობაში მოვახერხებთ მთელი საქართველოს გაზით მომარაგებას“, – განაცხადა გილაურმა.