
მოსკოვი რუსეთის საელჩოსთვის გაზმომარაგების შეწყვეტას გმობს
29 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება თბილისში რუსეთის საელჩოსთვის და “გაზპრომის“ შვილობილი კომპანია “გაზექსპორტისთვის“ გაზმომარაგების შეწყვეტის თაობაზე და მას “კიდევ ერთი ანტირუსული ქმედება” უწოდა.
“გაზის მიწოდება რუსეთის საელჩოს 27 იანვარს შეუწყდა. მოსკოვში ეს აღიქვეს, როგორც თბილისში გაზის დეფიციტის შედეგი… თუმცა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ 28 იანვარს განაცხადა, რომ გაზის მიწოდება საელჩოს და “გაზექსპორტს“ მისი ბრძანებით შეუწყვიტეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
თბილისის მერმა შაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გაზის მიწოდება იმიტომ შეუწყდათ საელჩოს და “გაზექსპორტს“, რომ “საქართველოში ამჟამად არსებულ ენერგოკრიზისში სწორედ ისინი არიან დამნაშავენი“.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსული მხარე იტოვებს უფლებას ანალოგიური ნაბიჯი გადადგას და გაზმომარაგება შეუწყვიტოს საქართველოს საელჩოს მოსკოვში.
რუსეთმა საქართველოს გაზის მოწოდება 29 იანვარს მას შემდეგ აღუდგინა, რაც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
კითხვაზე, თუ როგორ აღუდგება გაზმომარაგება რუსეთის საელჩოს და “გაზექსპორტს“ თბილგაზის ხელმძღვანელმა ირაკლი გვიჩიანმა განაცხადა, რომ „პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებათ თბილისის იმ 2800 საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც ამჟამად გაზის გარეშეა დარჩენილი და სხვა ობიექტებს“. მისი თქმით, გაზმომარაგება თბილისის ყველა უბანს 30 იანვარს აღუდგება.
თუმცა, მოგვიანებით 29 იანვარს ქართული და რუსული სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის საელჩოს გაზის მიწოდება აღუდგა .