
ირანიდან გაზის მოწოდება ორ დღეში დაიწყება
გაზის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელის დავით ინგოროყვას განცხადებით, ირანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდება სავარაუდოდ 29 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ან “არაუგვიანეს 30 იანვრიდან“ დაიწყება.
“ეს იქნება დამატებით 2 მლნ კუბამეტრი ბუნებრივი აირი, გარდა იმისა, რასაც დღეისათვის საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს. საერთო ჯამში შემოვა 4-4,5 მლნ კუბამეტრი ბუნებრივი აირი, რაც საკამრისი იქნება თბილისის მოსახლეობის გაზით სრულად მომარაგებისთვის და ასევე მე-9 ენერგობლოკის ამოქმედებისთვის“, – განუცხადა დავით ინგოროყვამ “სივილ ჯორჯიას“.
ამ დროისთვის საქართველო აზერბაიჯანიდან დაახლოებით 2 მლნ კუბამეტრ ბუნებრივ აირის იღებს. ირანთან მიღწეული შეთანხმების შედეგად კი საქართველო ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დამატებით 2 მლნ კუბამეტრ აირს მიიღებს.
ინგოროყვას განცხადებით, ირანიდან ბუნებრივ აირს საქართველო “სიმბოლურ ფასად“ შეიძენს და მოსახლეობას არ მოუწევს დამატებითი საფასურის გადახდა.
დავით ინგოროყვა არ გამორიცხავს, რომ ირანიდან გაზის შემოდინება რუსეთიდან გაზის მოწოდების აღდგენის შემდგომაც გაგრძელდეს, “სანამ რუსეთიდან გაზის შეუფერხებლად მოწოდების სრული გარანტია არ იქნება“.
გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანი-ირანის საზღვარზე პირადად დაესწრება გაზსადენზე დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებს, რაც შესაძლებელს გახდის აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გაზი საქართველოში შემოვიდეს.