
თბილისის ბუნებრივი აირით სრული მომარაგება ხუთ დღეში დასრულდება
“თბილგაზის“ გენერალური დირექტორის გიორგი გვიჩიანის ინფორმაციით, სამ დღეში თბილისის 80%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება, ხოლო მთლიანად გაზის აღდგენა კომპანიაში შემუშავებული ხუთდღიანი პროგრამის მიხედვით მოხდება.
“ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში მთლიანად იქნება ჩართული თბილისი“, – განაცხადა გიორგი გვიჩიანმა 30 იანვარს “რუსთავი2“-ის ეთერში.
“თბილგაზის“ გენერალურმა დირექტორმა არ დააკონკრეტა თბილისი მომარაგდება რუსული თუ ირანული გაზით, რომლებიც მისი ინფორმაციით, უკვე დაძრულია საქართველოსკენ.
“რომელ გაზს გამოიყენებს თბილისი – ირანულს თუ რუსულს – ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გადაწყდება უახლოეს საათებში“, – განაცხადა გვიჩიანმა.
გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის დავით ინგოროყვას ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ირანული გაზი უკვე გადმოლახავს საქართველოს საზღვარს.