ახალი ამბები

სოხუმი არასამთავრობო ორგანიზაციებს გალში ადამიანის უფლებათა ცენტრის გახსნისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოუწოდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გახსნან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გალის რაიონში, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ 26 იანვარს.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება მზად არის დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს და გალში ამ მიზნით ოფისიც გამოუყოს.


„ჩვენ ვიცით, რომ სიტუაცია გალში რთულია და ვფიქრობთ, რომ ამგვარი ოფისი დადებით როლს ითამაშებს კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაში [გალში]“, განაცხადა სერგეი შამბამ.


აფხაზური მხარის ეს წინადადება კეთდება ქართული მხარის დაჟინებითი მოთხოვნების ფონზე გალში გაეროს/ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის თაობაზე, ასევე გაეროს მხრიდან აფხაზური მხარის მისამართით გაკეთებული მოწოდებების ფონზე დაიცვან გალის მოსახლეობის უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები.  


აფხაზური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნას იმ მოტივით, რომ ანალოგიური ოფისი უკვე ფუნქციონირებს სოხუმში.


სერგეი შამბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარის მიერ შემოთავაზებული ცენტრი იქნება დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ითანამშრომლებს გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისთან სოხუმში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

Back to top button