ახალი ამბები

ელექტროენერგიის გამორთვა კრიზისს ამწვავებს

საქართველოში 26 იანვარს ენერგოკრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, რის შედეგადაც ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, თბილისის ჩათვლით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
 
საქართველო უკვე მეხუთე დღეა ბუნებრივი აირის გარეშე რჩება.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში გაუარესებული ენერგოკრიზისის გამო შეწყვიტა დავოსში ვიზიტი, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდა და დღეს საღამოს თბილისში ბრუნდება.
 
წინასაწარი ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რომელიც დასავლეთ საქართველოდან ელექტროენერგიას აღმოსავლეთ საქართველოს აწვდის, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო დაზიანდა.
 
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა „ელექტროენერგიის ყოველგვარი რეზერვის გარეშე“ მუშაობდა მას შემდეგ, რაც 22 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ აფეთქდა.  
„ამრიგად, სულ მცირე პრობლემას ან ელექტროხაზის დაზიანებასაც შეუძლია კრიზისის გამოწვევა“, – განაცხადა გილაურმა მთავრობის სხდომაზე 25 იანვარს.
 
ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თბილისს მცოლოდ 200 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება, რაც მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისთვისაა საკმარისი. თბილისის ელექტროენერგიით სრულად მომარაგებას 700 მეგავატამდე ესაჭიროება.
 
მათ ვისაც არც ელექტროენერგია და არც გაზი მიეწოდებათ, ნავთქურების გამოყენება უწევთ, რათა ცივ ზამთარს გაუმკლავდნენ.
 
თუმცა, თბილისელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო რომ გაზსადენებზე ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ნავთის  ფასი გაორმაგდა და ერთ ლიტრზე 2,5 ლარს მიაღწია.
 
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გახდება შესაძლებელი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ აღდგენა.
 
რუსული სააგენტოები იტყობინებოდნენ 25 იანვარს, რომ აფეთქებული ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ აღდგენა მხოლოდ „თებერვლის დასაწყისისთვის“ იქნება შესაძლებელი.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოში არსებულ კრიზისს „ენერგობლოკადა“ უწოდა.
 
„სამწუხაროდ ენერგობლოკადა გრძელდება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, რათა დავძლიოთ არსებული კრიზისი“, – განაცხადა ნოღაიდელმა პრეს-კონფერენციაზე.
 
პრემიერ-მინისტრმა უარყო, რომ „გაზპრომი“ აზერბაიჯანს დამატებით აირს აწვდის საქართველოსთვის.
 
„გაზპრომის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები, რომ 3 მილიონი კუბური მეტრის მიწოდება ხდება აზერბაიჯანისთვის ყოველდღიურად, რათა ამ უკანასკნელმა საქართველოს გაუზარდოს გაზის მიწოდება, არ არის მართალი“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
 
„აზერბაიჯანი რუსეთისგან იმ რაოდენობის გაზს იღებს, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანის მოხმარებისთვისაა საკმარისი. მაგრამ მიუხედავად ამისა აზერბაიჯანმა შეძლო 2,5 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდების შენარჩუნება საქართველოსთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელობისაა“, – დასძინა მან.
 
„ამრიგად, „გაზპრომმა“ ან უნდა შეწყვიტოს განცხადებების გაკეთება, რომ ის აზერბაიჯანს საქართველოსთვის დამატებით გაზს აწვდის, ან თუ შესაძლებელია, მართლა უნდა გაზარდოს გაზის მიწოდება აზერბაიჯანისთვის, რათა ჩვენ მეტი გაზი მივიღოთ“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
 
25 იანვარს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალეკო ხეთაგურმა განაცხადა, რომ გაზის მოწოდება 2 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა, რამაც თბილისის კიდევ რამდენიმე რაიონის გამორთვა გამოიწვია.
 
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ამჟამად ბაქოში იმყოფება, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გაზის მოწოდების გაზრდის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა პრეტენზიები აფეთქებული გაზსადენების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
 
„ჩვენ ვხედავთ, რომ გაზსადენების შეკეთების პროცესი გაჯანჯლდა… ერთი დღის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ რამდენიმე საპირისპირო ინფორმაციას რუსეთიდან სარემონტო სამუშაოების შესახებ, თუმცა რეალობა ის არის, რომ რემონტი ფერხდება. ამრიგად, ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვები და პრეტენზიები „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის მიმართ“, – განაცხადა ნოღაიდელმა. 
 
ამავდროულად, რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან 26 იანვარს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში 24-საათიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
რუსული ტელეკომპანია NTV იუწყებოდა 25 იანვარს, რომ გაზსადენის აღდგენას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება, რადგანაც მილსადენზე დამატებითი დაზიანებები აღმოაჩინეს.
 
„ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ დამატებით კიდევ 9,5 მეტრი მილი გამოგვეცვალა“, – განაცხადა გაზის კომპანია „კავკაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა იგორ ტკაჩენკომ, თან იქვე დასძინა, რომ გაურკვეველია, თუ რამდენი დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს.

Back to top button