skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშაულებს

თბილისმა მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც 22 იანვარს გამთენიისას ჩრდილოეთ კავკასიაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ორი გაზსადენი აფეთქდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალიან მძიმე საბოტაჟის აქტი განხორციელდა.
 
ჩრდილოეთ ოსეთში ორი აფეთქება 20 წუთიანი ინტერვალით ორ, მაგისტრალურ და სარეზერვო, გაზსადენებზე მოხდა, რის შედეგადაც საქართველოსა და სომხეთს გაზის მიწოდება შეუწყდათ. ამ ორი აფეთქებიდან რამდენიმე საათში ასევე აფეთქდა  მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, სოფლებს  ყარაჩაევსკსა და უჩკეტინს შორის, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგია რუსეთიდან საქართველოს მიეწოდება.
 
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ქონების განზრახ დაზიანების“ მუხლით.  რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით,


აფეთქების სიმძლავრემ 700–800 გრამ ტროტილს უდრიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალური გაზსადენის აღდგენას სულ ცოტა ოთხი დღე დასჭირდება.
 
მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას საღამოს გაზის მიწოდება შეწყდებოდა, თბილისის მომხმარებლები გაზის გასამართ სადგურებს მიაწყდნენ თავიანთი გაზის რეზერვების შევსების მიზნით.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 იანვარს სატელევიზიო მიმართვაში რუსეთს გაზის მიწოდების დაუყონებლივ აღდგენისკენ მოუწოდა.  
 
მისი თქმით, ორი გაზსადენის აფეთქება იყო „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალიან მძიმე საბოტაჟის აქტი ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემაზე“.
 
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მხარის ახსნა-განმარტებები „აბნეული, არადამაკმაყოფილებელი და წინააღმდეგობრივია“.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ყოველთვის იყო რუსეთიდაბნ ზეწოლის მსხვერპლი. „ჩვენ საქმე გვაქვს უპრინციპო შანტაჟისტთან, მე მას [რუსეთს] სხვანაირად ვერ ვუწოდებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
„ჩვენ რუსეთის ხელისუფლების პირებისაგან არაერთი მუქარა გვსმენია, რომ ჩვენ გაგვითიშავენ გაზს, შეიძლება ელექტროგადამცემი ხაზი მწყობრიდან გამოვიდეს, ცივ ზამთარში გავიყინოთ… ეს ყველაფერი საქართველოში უპრეცენდენტო ცივი ტემპერატურების დროს განხორციელდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, ამ შანტაჟის ფონზე, რუსეთმა საქართველოს მისი მაგისტრალური გაზსადნის მიყიდვა მოსთხოვა.
 
მისი თქმით არსებული შანტაჟის პირობებში რუსეთი საქართველოსგან მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვას ითხოვდა.
 
„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ კომერციული წინადადებები, მაგრამ არა შანტაჟის პირობებში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
„ისინი კრემლში უნდა მიხვდნენ, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ შანტაჟის გზით“, – დასძინა მან.
 
პრეზიდენტის თქმით, მან გასცა განკარგულება, რომლიც თანახმადაც, გაზის მიწოდების აღდგენამდე, უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში სწავლა შეწყდება.
 
სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლიდან ცოტა ხანში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრეს-კონფერენცია გამართა და რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა.
 
„ეს ფაქტი არის ერთ-ერთი  უნიკალური შემთხვევა მსოფლიო ისტრორიაში, როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს ასეთი შეფარვით დივერსიულ აქტებს. როგორც იცით, გასულ წელს საქართველოში რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა, თუმცა ყველა მათგანი გამოძიებულ იქნა და [გარკვეული ძალები] ვეღარ გაბედავენ ტერორისტული აქტების მოწყობას საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მიეცათ მითითება ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამისი ქვეყნების ხელმძღვანელობას ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. 
 
მან ასევე განაცხადა, რომ თბილისსა და ბაქოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის იმპორტი დაიწყება.
 
თუმცა, ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა გაზსადენმა სრული დატვირთვით ვერ იმუშავოს „ტექნიკური მდგომარეობის“ გამო.
 
„ამ გაზსადენს დიდი ხანია არ უმუშავია და გარკვეული ტექნიკური ხარვეზები შეიძლება წარმოიშვას. ამრიგად, ზუსტ რაოდენობაზე საუბარი რთულია, თუმცა ამასთან დაკავშირებით დამაიმედებელ ინფორმაციას ვიღებთ“, – დასძინა ჩეჩელაშვილმა.
 
ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანული გაზით გაზსადენის შევსებას სულ ცოტა ორი დღე დასჭირდება.
 
რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენელმა საქართველოში დავით მორჩილაძემ 22 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მზად არის საქართველოს გაზი აზერბაიჯანის გავლით მიაწოდოს. მისი თქმით, „გაზპრომი“ გაუზრდის გაზის მიწოდებას აზერბაიჯანს, რათა ამ უკანასკნელმა გაზი საქართველოს მიაწოდოს.
 
მორჩილაძის თქმით, საქართველო დღეში დაახლოებით 7 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებდა. აზერბაიჯანიდან გაზის მიღების შემთხვევაში, „გაზპრომი“ შეძლებს საქართველოს 4-5 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს ყოველდღიურად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button