
ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთი შსკ–ს ვლადიკავკაზში შეკრების ინიციატივით გამოვიდა
ჩრდილოეთ ოსეთი გამოდის წინადადებით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე შერეული საკონტროლი კომისიის (შსკ) მორიგი სხდომა ვლადიკავკაზში 23–24 იანვარს გაიმართოს, იტყობინება 20 იანვარს “რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზე, მურატ ტხოსტოვზე დაყრდნობით.
“შესაბამისი ოფიციალური მოწვევები უკვე გაეგზავნათ მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილეებს“, – აცხადებს ტხოსტოვი.
შსკ–ს სხდომა ქართული მხარის მოთხოვნით 18–20 იანვარს თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა იგი ჩაიშალა “უსაფრთხოების ნაკლებობის“ მოტივით ცხინვალის უარის გამო.
თუმცა 19 იანვარს შსკ–ს ქართული მხარის თანათავმჯდომარე, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა კვლავ გამოვიდა ინიციატივით სხდომის თბილისში გამართვის შესახებ.