
ცხინვალი უარყოფს როკის გვირაბის მეშვეობით რუსული იარაღის მიღებას
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო “გამოგონილს“ უწოდებს 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულ ინფორმაციას, როკის გვირაბის მეშვეობის ცხინვალის რეგიონში რუსული იარაღის შეტანასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საზენიტო ტყვიამფრქვევი და მობილური რადიოსადგური ამოიღეს. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა სოფელ დმენისში შერეული სამშვიდობო ძალების და ეუთოს დამკვირვებელთა მიერ 13-14 იანვარს განხორციელებული მონიტორინგის დროს იქნა აღმოჩენილი.
“ქართული მხარის განცხადება გამოგონილია და არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს… ეს მიმართულია იმისკენ, რომ მსოფლიო საზოგადოებას დაანახონ სამხრეთ ოსეთი არაკონტროლირებად ტერიტორიად, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას. დისკრედიტაცია მოახდინონ კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ოპერაციის და მიაღწიონ [სამშვიდობო] კონტიგენტის გაყვანას“, – იუწყება 20 ინავარს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
ამავდროულად განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითგამოცხადებული რეგიონი ყველა საჭირო ზომებს იღებს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, ტერიტორიის და საჰაერო სივრცის დასაცავად, “თუმცა არ არის დაინტერესებული დამატებითი შეიარაღებით“.