skip to content
ახალი ამბები

ლავროვი: ბაზებზე შეთანხმებას კეთილსინდისიერად შევასრულებთ

17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2005 წელს საქართველოსთან ურთიერთობებში “მიღწევა“ იყო რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე თბილისთან გაფორმებული შეთანხმება.


“რუსულმა მხარემ შეასრულა ყველა ის შეთანხმება, რომელიც გასულ წელს ეხებოდა, ასევე კეთილსინდისიერად შევასრულებთ შეთანხმების იმ ნაწილებს, რომელიც ეხება 2006, 2007 და შესაბამისად 2008 წლებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა და დასძინა, “ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარეც ასევე იმოქმედებს“.


2005 წლის 30 მაისს თბილისსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმება ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული ბაზების გაყვანას 2005–2008 წლების განმავლობაში ითვალისწინებს. შეიარაღების ნაწილი რუსეთმა გასული წლის ვალდებულებების შესამაბისად უკვე გაიყვანა.


სერგეი ლავროვმა 2005 წლის რუსულ–ქართული ურთიერთობები ზოგადად შეაფასა, როგორც “ურთიერთმისაღები, ურთიერთსასარგებლო გამოსავლის ძიება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“.


მინისტრის თქმით, შარშანდელი წელი “ცუდი არ იყო“ ასევე ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც. “სავაჭრო –ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისადმი ინტერესი ორივე მხრიდან სახეზეა“, – დასძინა ლავროვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button