ახალი ამბები

მოსკოვი შსკ-ს სხდომაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე საქართველოს დელეგაცია არ დაეთანხმა კონფლიქტების მოგვარების მიზნით ერთობლივი ჯგუფის შექმნას და ასევე ძალის არ გამოყენების და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ განცხადების შემუშავებას.


“სამწუხაროდ საქართველოს დელეგაცია დაშორდა 13 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პოზიციას, რომელშიც გამოთქმული იყო თანხმობა [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის] ედუარდ კოკოითის წინადადებაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ერთობლივი პროგრამის შემუშავების შესახებ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


“საქართველოს დელეგაცია ფაქტიურად წინააღმდეგი გამოვიდა ასეთი პროგრამის შემუშავების და შსკ-ს ფარგლებში შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნის. მან შემოგვთავაზა ერთობლივი მოქმედების პროექტით დავკავდეთ კონფლიქტის დარეგულირების თითქოსდა არსებული და შეთანხმებული სამშვიდობო გეგმის რეალიზებისთვის. მაგრამ ასეთი გეგმა, სამწუხაროდ, არ არის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


საუბარია თბილისის სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ლიუბლიანას ეუთოს მინისტერიალმა 15–16 დეკემბერს საქართველოს შესახებ მიღებულ განცხადებაში მოიწონა.


28 დეკემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ  ქართული მხარე წინააღმდეგია ამ ახალი ჯგუფის შექმნის, რადგან ამის საჭიროება არ არის. 


“ქართულმა მხარემ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ასევე განცხადების შემუშავება, რომელიც განსაზღვრავდა მტკიცე ვალდებულებას ძალის არ გამოყენებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button