ახალი ამბები

საგარეო უწყება: ცალკეულმა ინციდენტებმა არ უნდა შეაფერხოს ქართულ-რუსული დიალოგი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 21 დეკემბერს „საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების მიმართ უკანონო ქმედებების გამო“ გამოთქმულ პროტესტთან დაკავშირებით, დღეს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ცალკეულმა ინციდენტებმა, ხელი არ უნდა შეუშალოს ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში პროტესტს გამოთქვამს 18 დეკემბერს ქართული პოლიციის მიერ „გამოგონილი საბაბით“  აფხაზეთში დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორის ვალერი ევნევიჩის გადადგილების შეფერხების და ასევე 19 დეკემბერს თბილისში სამი რუსი სამხედროს დაკავების გამო, რაც ქართულმა მხარემ ვიზის ვადის გასვლის მოტივით ახსნა.


ამ ინციდენტებთან  დაკავშირებით თბილისში რუსეთის საელჩომ ქართულ მხარეს საპროტეტსო ნოტა გაუგზავნა.


„ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება გეგმიურ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავებისკენ. ასეთი აქცია ბოლო პერიოდში საქართველოსთან დიალოგის პოზიტიური ძვრების ფონზე, მათ შორის სამხედრო საკითხებზე, მოსკოვში გაუგებრობას იწვევს. ეჭვს ბადებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებები რუსეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესებისკენ სწრაფვის შესახებ.  ნებისმიერ შემთხვევაში რუსული მხარე იტოვებს ადეკვატური რეაგირების უფლებას“, – ნათქვამია 21 დეკემებრს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით,  სამი სამხედრო მოსამსახურის დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მათ არ აღმოაჩნდათ საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო გენერალ-მაიორ ვალერი ევნევიჩითან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო ჯგუფის სარდლობას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, გადაადგილებისას, თან უნდა ახლდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რაიმე გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.


„სწორედ დადებითი ტენდენციების განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ ისწრაფვის საქართველოს ხელმძღვანელობა. ვთვლით, რომ ცალკეულმა ინციდენტებმა, რომლებსაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს, ხელი არ უნდა შეუშალოს კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას და არ უნდა მოხდეს მათი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში 22 დეკემბერს.

Back to top button