
თბილისში ქართულ–რუსული სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიხსნა
დღეს თბილისში ქართულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიხსნა, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ხოლო რუსული მხრიდან რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი თანათავმჯდომარეობს.
დახურულ სხდომაზე განიხილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთელი სპექტრი.
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა ასევე არ გამორიცხა, რომ სხდომაზე საუბარი აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასაც შეეხოს.
“აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლას რაც შეეხება, აქ მგონი ჩვენ [საქართველო, რუსეთი]ახლოს ვართ გადაწყვეტილებასთან, რომ ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ეს მონაკვეთი“, – განუცხადა 16 დეკემბერს ჟურნალისტებს იგორ ლევიტინმა.
რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, ქართული მხარე სხდომაზე ასევე დააყენებს საქართველო–რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე უკანონოდ გახსნილი საბაჟო-გამშვები პუნქტების აღკვეთისა და მათ ნაცვლად ფსოუსა და როკის გვირაბის გამშვებ პუნქტებზე თბილისის მონაწილეობით კანონიერი საბაჟოების გახსნის საკითხს.
“ჩვენ ვთვლით, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტები უკანონოდ არის განხსნილი. მასზე შეტყობინება ქართულ მხარეს არ მიუღია და შესაბამისად დასტური არ მიუცია [გახსნაზე]. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს და ძირითად დებულებებს“, – განაცხადა კახა ბენდუქიძემ.
აღნიშნული საკითხი ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 15 დეკემბერს ჰონგ-კონგში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მე-6 კონფერენციაზე დააყენა.