
მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა 15 დეკემბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიღწეული პროგრესი შეიძლება ჩაითვალოს როგორც “იმედისმომცემი“, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების სრული შესრულებისკენ.
“ვარდების რევოლუციიდან ორი წლის თავზე დროა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი დანაპირები”, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.
პროექტი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კონკრეტული ვალდებულება უკვე შესრულდა და საერთო ჯამში, ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება.
“[საქართველოს] ხელისუფლებას აქვს განზრახვა ააშენოს სტაბილური და თანამედროვე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო და მოახდინოს ქვეყნის უკეთესი ინტეგრირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუმცა, რეფორმების უმეტესობა კვლავ დასაწყის სტადიაშია და მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.
რაც შეეხება ევროპის საბჭოს იურიდიულ ინსტრუმენტებს, რისთვისაც საქართველოს 2005 წლის სექტემბრამდე უნდა მოეწერა ხელი ან დაემტკიცებინა, დადგენილების პროექტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის კონვენციას ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაზე, თუმცა მისი რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. “სამწუხაროდ, რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის ხელმოწერის და რატიფიცირების პროცედურები მხოლოდ ახლახანს დაიწყო“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.
მონიტორინგის კომიტეტი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ რეალურ შედეგებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და პოლიციის რეფორმას.
დადგენილების პროექტი ასევე ეხება ოპოზიციის თემასაც და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას, რომელიც ჯერ კიდევ სუსტია, არ შესწევს უნარი ეფექტური ალტერნატიური პროგრამა წარადგინოს.
“ასამბლეა დარწმუნებულია, რომ საქართველოში სიტუაციის სრული ნორმალიზება შეუძლებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში კონფლიქტების მშვიდობიანი და დემოკრატიული მოგვარების გარეშე. იგი მიესალმება [საქართველოს] პრეზიდენტის მიერ სამშვიდობო ინიციატივის წარდგენას და აქვე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არ არსებობს რეალური პროგრესი არც ადგილზე და არც მოლაპარაკებების პროცესში“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.
მონიტორინგის კომიტეტი მოუწოდებს კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილე მხარეებს, მათ შორის რუსეთს, გამოიჩინონ ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი და დემოკრატიული მოგვარებისთვის და პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.