
ბეჟუაშვილი ევროკავშირის “ტროიკასთან“ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს განიხილავს
13 დეკემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ფორმატში გაიმართება “ტროიკასთან“ შეხვედრა, რომელსაც უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართულ მხარეს უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი. საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და მისი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
ევროკავშირის ტროიკასთან შეხვედრაზე, რომელშიც წარმოდგენილი არიან ევროკავშირის წინა, ამჟამინდელი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნები – ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ავსტრია, განხილული იქნება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის საქართველოს პრიორიტეტები, რომელთა შორის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და ასევე საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესები.
12 დეკემბერს გელა ბეჟუაშვილი თავის ჰოლანდიელ კოლეგას ბერნარდ ბოტს შეხვდა. მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღო ჯორჯ მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში სახელწოდებით “დასავლეთის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი“.