
კოკოითი ერთობლივი სამშვიდობო გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოდის
12 დეკემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს და ასევე ეუთოს წევრი ქვეყნების ლიდერებს, სადაც კონფლიქტის დარეგულირების ერთობლივი “სამეტაპიანი“ გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.
“იმის გამო, რომ ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ცალმხრივად წარმოდგენილი გეგმები დადებით შედეგს არ იძლევა, აუცილებლად მივიჩნევ ერთობლივად შევუდგეთ ქართულ–ოსური პროგრამის მომზადებას, რომელსაც კონფლიქტის სამართლიანი მოგვარება უნდა მოჰყვეს“, – ნათქვამია კოკოითის განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში სამუშაო ჯგუფის 2006 წლის 1 თებერვლამდე შექმნის ინიციატივის გამოდის, რომელიც შეიმუშავებს სამშვიდობო პროგრამის კოორდინირებულ ვარიანტს.
კოკოითი არაუგვიანეს 2006 წლის 15 თებერვლისა ითხოვს შსკ–ს ფორმატში მხარეთა სრულუფლებიან წარმომადგენელთა მონაწილეობით პროგრამაზე მუშაობის დაწყებას, ხოლო 1 მარტისათვის სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მომზადებული პროგრამის შსკ–სთვის წარდგენას მისი საბოლოოდ მოწონების მიზნით.
კოკოითი კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმის მომხრეა, რომელიც “მოიწონეს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მონაწილე მხარეებმა“.
კოკოითის მიერ გაჟღერებული სამივე ეტაპი თბილისის წინადადებებს სრულად ემთხვევა. კერძოდ, პირველი ეტაპი იქნება კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, ნდობისა და უსაფრთხოების გარანტიების აღდგენა; მეორე ეტაპი – სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაცია; და მესამე ეტაპი – პოლიტიკური დარეგულირება.
კოკოითის მოსაზრებით, ასევე შსკ–ს ფორმატში აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა შეხვედრების გამართვა კონფლიქტის ზონაში მოქმედებთა კოორდინაციის მიზნით.
გარდა ამისა დე ფაქტო პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს შსკ–ს ხელშეწყობის მიზნით არაფორმალური სტრუქტურის შექმნას, რომელშიც კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე კანონმდებლები იქნებიან ჩართულები. კოკოითი ასევე [ქართელ და ოს] დეპუტატებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეხვედრების საჭიროებაზეც საუბრობს.
დე ფაქტო ლიდერი ასევე აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი ზონის შესახებ კონცეფციის შემუშავება, რომელმაც შესაძლოა მოიცვას ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონი, სამხრეთ ოსეთი მთლიანად და გორის რაიონი.
სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის კონტექსტში კოკოითი ასევე საუბრობს კონფლიქტის ზონაში ევროკომისიისა და ეუთოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნაზე.
ედუარდ კოკოთი მოითხოვს 1989–92 წლებში მომხდარი მოვლენების და 2004 წლის აგვისტოში მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების პოლიტიკურ–სამართლებრივ შეფასებას; თბილისის მიერ რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებას და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მხარეთა მიერ ვალდებულების აღებას, რომ არ იქნება გამოყენებული თავდასხმითი პოტენციალი და სამხედრო ძალა კონფლიქტის ზონაში.
15–16 დეკემბერს ლიუბლიანაში გამართულ შსკ–ს სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივას პუტინი–სააკაშვილი–კოკოითის მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით დე ფაქტო ლიდერი 12 დეკემბრის განცხადებაში კიდევ ერთხელ იმეორებს და აცხადებს, რომ “[კონფლიქტის დარეგულირების] ერთობლივი პროგრამა შეიძლებოდა მხარეთა მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელების შეხვედრაზე განხილვის საფუძველი გამხდარიყო“.
ჯერ–ჯერობით თბილისის კოკოითის ამ განცხადების თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.