ახალი ამბები

მოსამართლეები ზეწოლის წინააღმდეგ გამოდიან

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის მიერ 6 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ თანამდებობის დატოვების თაობაზე კრიტიკის ახალი ტალღა ააგორა ხელისუფლების მიერ მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების გამო. ამ ზეწოლის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს კიდევ სამი სხვა მოსამართლე უკვე საჯაროდ ლაპარაკობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო გვენეტაძე, დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა პირველები იყვნენ, რომელთაც 21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს. ორივემ, კუბლაშვილმა და ცერცვაძემ უარყვეს ბრალდებები. 

სამივე მოსამართლე, რომელთაც ქართულმა მედიამ “მეამბოხე მოსამართლეები“ უწოდა, აცხადებს, რომ ყოველთვის, როდესაც უზენაესი სასამართლო აპირებს განიხილოს საქმე, რომელიც ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურატურის ზეწოლის ქვეშ, მითითებებს აძლევს მოსამართლეებს, თუ როგორი განაჩენი გამოიტანონ.  
 
ნინო გვენეტაძის განცხადებით,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილები, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის 23 ივნისს მოაწერა ხელი, მოსამართლეებზე ზეწოლის იარაღი გახდა.
 
ამ ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებიც 2005 წლის 31 დეკემბრამდე დატოვებენ თანამდებობას, ხელფასის ოდენობის პენსიას მიიღებენ, რომელიც ამჟამად 1000 ლარს შეადგენს. 
 
“პირადად ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ სამსახურის დატოვება მაღალი პენსიის სანაცვლოდ, მაგრამ ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ უკვე მიიღო ამგვარი შეთავაზება“, – განუცხადა ნინო გვენეტაძემ “სივილ ჯორჯიას”.
 
მერაბ ტურავას განცხადებით, გარდა იმ ექვსი მოსამართლისა, რომელთაც უკვე დატოვეს თანამდებობები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსთხოვა კიდევ სამ მოსამართლეს დაეტოვებინათ სამსახური.  
 
“ამ დილას [6 დეკემბერს] უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოიწვია სამი მოსამართლე – გოგელია, ბიბილაშვილი და ისაევი და კატეგორიულად მოსთხოვა მათ გადადგომის შესახებ განცხადებების დაწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე] დაემუქრა, რომ ისინი გაგდებულნი იქნებოდნენ და ვერანაირ სოციალურ უზრუნველყოფას ვერ მიიღებდნენ, მათ შორის მაღალ პენსიებსაც“, – განუცხადა მერაბ ტურავამ 6 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედს“. 
 
“ეს მოსამართლეები [გოგელია, ბიბილაშვილი და ისაევი] ძალიან ღირსეული პიროვნებები არიან, რომელთაც თავიანთი დისკრედიტაცია არასოდეს მოუხდენიათ. როგორც კოტე კუბლაშვილი აცხადებს, იგი ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს და მათ გადაწყვიტეს გაათავისუფლონ ეს მოსამართლეები. არ მინდა ვენდო კუბლაშვილის სიტყვებს, რადგანაც არ მინდა დავიჯერო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლო ამგვარი ბრძანების გაცემა“, – განაცხადა დავით სულაქველიძემ. 
 
“მეამბოხე მოსამართლეები“ ასევე აცხადებენ, რომ სასამართლო დისციპლინარული კომისია მოსამართლეებზე ზეწოლის კიდევ ერთი იარაღი გახდა. 
 
ამჟამად, სასამართლო დისციპლინარული კომისია 15 მოსამართლის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს განიხილავს. ამ მოსამართლეებს შორის არიან ნინო გენეტაძე, დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა, რომელთაც პროცესუალურ დარღვევებში ედებათ ბრალი. ყველა ეს საქმე კონფიდენციალურია, ამიტომ დეტალები, თუ კონკრეტულად რა დარღვევებზეა საუბარი, უცნობია. კომისიაში, რომელიც ამ საქმეებს განიხილავს, ორი მოსამართლე, ერთი პარლამენტარი და იუსტიციის საბჭოს ერთი წევრი შედის.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევა, კორუფციული სამართალდარღვევა, მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა და მათ შორის საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმოს გამჟღავნება.


ასეთ შემთხვევაში დისციპლინარული დევნის აღძვრის უფლება თბილისის და ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეების გარდა ისუტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს. 

დისციპლინარული სახდელი შეიძლება იყოს შენიშვნა, ყველაზე მკაცრი კი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. დისციპლინარული კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოშია შესაძლებელი.  

მოსამართლეები, რომელთა წინააღმდეგ ამჟამად საქმე იხილება, უარყოფენ რაიმე დარღვევებს და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრა ხელისუფლების ინსტრუქციების შესრულებაზე უარის თქმამ განაპირობა.   
 
პროცესზე ამ მოსამართლეთა ბრალმდებელ მხარეს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა გვარამია წარმოადგენს. სასამართლო დისციპლინარული კომისიის ერთ-ერთი წევრია დეპუტატი ნინო კალანდაძე, რომელიც ასევე მმართველი პარტიის წევრია. გარდა ამისა, კალანდაძეც და გვარამიაც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრები არიან. ნინო კალანდაძე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

5 დეკემბერს გამართულ კომისიის მოსმენაზე მოსამართლეებმა კომისიის წევრის, დეპუტატ კალანდაძის აცილების საკითხი დააყენეს ინტერესტთა კონფლიქტის მოტივით, თუმცა კომისიის წევრებმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.  
 
დეპუტატები მმართველი პარტიიდან უარყოფენ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს, მაგრამ არ მალავენ, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის კორუმპირებული მოსამართლეებისგან “წმენდის კამპანია” დაიწყო.  
 
“ჩვენ ვახორციელებთ კამპანიას, რათა გავწმინდოთ სასამართლო სისტემა იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში უგულვებელყოფდნენ კანონებს; იმ მოსამართლეების წინააღდმეგ, რომლებიც მოსამართლეები კი არა, მომრიგებლები იყვნენ პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის“, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 6 დეკემბერს. 


მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის საკითხი პარლამენტის 6 დეკემბრის და 21 ნოემბრის სხდომებზე გაჟღერდა. უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე – გვენეტაძე, სულაქველიძე და ტურავა – საჯაროდ ზეწოლის შესახებ სწორედ სწორედ 21 ნოემბერს ალაპარაკდნენ.  ორივე შემთხვევაში პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს. ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 21 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს საკითხის შესწავლა მოსთხოვა. თუმცა, არც ერთ კომიტეტს ჯერ-ჯერობით რეაგირება არ მოუხდენია. 
 
“სასამართლო დისციპლინარულ კომისიაში მიმდინარე პროცესის დასრულებამდე კომიტეტში მოსმენა ვერ გაიმართება და არც არის დაგეგმილი“, – განუცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო კალანდაძემ “სივილ ჯორჯიას“ 8 დეკემბერს.
 
მოსამართლე დავით სულაქველიძე აცხადებს, რომ პროცესს მის და დანარჩენი ორი მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებიც ხმამაღლა ალაპარაკდნენ ხელისუფლების ზეწოლის წინააღმდეგ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს გახდება ინდიკატორი იმისა, თუ რა მიმართულებით განვითარდება სასამართლო სისტემა. 
 
“ბევრი ჩვენი კოლეგა დიდი ინტერესით ელოდება სასამართლო დისციპლინარული კომისიის ვერდიქტს, ასევე იმას, თუ რა შედეგს გამოიღებს ჩვენს მიერ საჯაროდ გამოთქმული კრიტიკა. თუ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, მაშინ მოსამართლეთა მთელი კორპუსი, ჩათვალეთ, რომ ხელისუფლებამ სრულად დაიმორჩილა“, – განაცხადა მოსამართლე დავით სულაქველიძემ.

მსგავსი/Related

Back to top button