
პარლამენტმა პარტიების დაფინანების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა
დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინასების მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციების შესაბამისად, ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიების დაფინასების სრულყოფას და საარჩევნო დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას.
საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად დააფინანსებს იმ პარტიებს, რომელთაც არჩევნებზე 4%–იანი ბარიერი გადალახეს. საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას შორის მიღწეული კომპომისის შედეგად, საბიუჯეტო დაფინანსება გავრცელდება ოპოზიციურ “რესპუბლიკურ“ და “კონსერვატიულ“ პარტიებზეც, რომლებმაც მმართველი “ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში გადალახეს 7%–იანი ბარიერი 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო შემდეგ ოპოზიციაში გადავიდნენ.
პარტიები შემდეგი ფორმულის შესაბამისად დაფინანსდებიან: არჩევნებში მიღებულ 200 ათას ხმამდე თითოეულ ამომრჩეველზე გათვალისწინებულია 2 ლარი, 200 ათასიდან 500 ათასამდე მიღებულ ხმებზე – 1,5 ლარი, ხოლო 500 ათასზე ზევით მიღებულ ხმებზე – 1 ლარი.
პარტიებისთვის ანონიმურ შემოწირულობებზე გათვალისწინებული მაქსიმალურ თანხა 30 ათას ლარს შეადგენს.
ამომრჩევლის მოსყიდვას, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობასა და არჩევნების გაყალბებაზე, კერძოდ საარჩევნო სიების, ბიულეტენების გაყალბებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.