
დეპუტატები ეუთოს მინისტერიალზე მიღებულ განცხადებას მიესალმებიან
დღეს პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებმა კოტე გაბაშვილმა და დავით ბაქრაძემ “ქართული დიპლომატიის გამარჯვება“ უწოდეს 6 დეკემბერს ლიუბლიანაში ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ განცხადებას.
“ქართული დიპლომატიის ნამდვილი გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების პირობებში მხოლოდ საქართველოს შესახებ მოხერხდა სპეციალური განცხადების მიღება, რომელიც ყველა საქართველოსთვის პრობლემურ საკითხს მოიცავს“, – განაცხადა კოტე გაბაშვილმა 8 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს შესახებ ეუთოს 55 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი განცხადება იწონებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თბილისის სამშვიდობო გეგმას, მიესალმება რუსული ბაზების გაყვანის პროცესს, საუბრობს გუდაუთის ბაზის საერთაშორისო ინსპექტირების თაობაზე და მხარს უჭერს გალის რაიონში გაეროს სამოქალაქო კომპონენტის განთავსებას.