skip to content
ახალი ამბები

რუპელი საქართველოში დაძაბულობის ესკალაციით შეშფოთებულია

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლის დაკავების გამო და ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სამი ქართველი პოლიციელის და ცხრა სამოქალაქო პირის დაპატიმრების გამო, იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.


რუპელი მიესალმა მოგვიანებით სამოქალაქო პირების გათავისუფლების ფაქტს, თუმცა გამოთქვა სურვილი, რომ მხარეებმა ხელი შეუწყონ დაძაბულობის უსწრაფეს შემცირებას და თავისუფალი გადაადგილების აღდგენას.


“შეშფოთებული ვარ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ამ უსარგებლო დაძაბულობის ესკალაციის გამო, რაც ანგარიშწორების მიზნით განხორციელებულ დაპატიმრებებს მოყვა“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.


“ჩვენ უნდა შეგვეძლოს პოზიტიური გზით წავიდეთ წინ და რაც შეიძლება სწრაფად განვაახლოთ კონფლიქტის ზონის ეკონომიკური მოთხოვნილებების შეფასების პროგრამა საერთაშორისო, ქართველი და ოსი ექსპერტების მონაწილეობით“,– აცხადებს რუპელი. 


რუპელმა ეს კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან ლუბლიანაში 6 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button