skip to content
ახალი ამბები

მერაბიშვილი ოსურ მხარეს ‘მძევლების’ დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს დაადასტურა ინფორმაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამი პოლიციელის და ექვსი სამოქალაქო პირის ოსურ მხარის მიერ გატაცების შესახებ და ეს ინციდენტი 5 დეკემბერს ქართველი სამართალდამცავების მიერ ყალბი ფულის გასაღებაში ეჭვმიტანილის, სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილის ვიაჩესლავ კუძიევის დაკავების ფაქტს დაუკავშირა.


“დღეს გამთენიისას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა გაიტაცეს რამოდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და პოლიციელი, შეუიარაღებელი და მშვიდობიანი მოქალაქეები. დღეს ისინი ჰყავთ ცხინვალის პოლიციაში. ასევე მიმდინარეობს ცხინვალის ბაზრიდან ქართველი ეროვნების მოქალაქეების დაპატიმრება და წაყვანა ცხინვალის პოლიციაში. ეს არის ვანდალური აქტი და ეს არის პასუხი გუშინ ჩვენს მიერ ყალბი ფულის გამსაღებლის დაკავებაზე“, – განუცხადა 6 დეკემბერს ჟურნალისტებს შს მინისტრმა. 


შინაგან საქმეთა მინისტრმა ოსურ მხარეს “მძევლების” დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

“მე მინდა გავაფრთხილო ისინი და ვუთხრა ყველას – სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არიან კრიმინალები და კრიმინალების ხელშემწყობები. ჩვენ იძულებული გავხდებით საკადრისი პასუხი გავცეთ ამ ყაჩაღებს და ბანდიტებს“, – დასძინა მინისტრმა.    


დღესვე ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. მისი განცხადებით, “პრეზიდენტისგან შესაბამისი დავალება მიღებული აქვთ ძალოვანებს და მუშაობენ ამ [გატაცებულთა გათავისუფლების] მიმართულებით“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button