skip to content
ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოდის

6 დეკემბერს ლუბლიანაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მხარი დაუჭირა ორგანიზაციის სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე მოწოდებებს “საკონსულტაციო და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების გზით“ და მოუწოდა ეუთოს უფრო აქტიური როლი ითამაშოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში.


“დღეს ეუთო ახალი რეალობების და გამოწვევების წინაშე დგას, ცდილობს რა მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს, რათა უფრო ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული ორგანო გახდეს“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მინისტრთა საბჭოს შეხვედრებმა “ვერ მიაღწიეს წარმატებას პოლიტიკური დეკლარაციების და რეგიონალური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით“.


“საქართველო მხარს უჭერს ეუთოს ფარგლებში სპეციალური მექანიზმის ჩამოყალიბების იდეას, რაც ხელს შეუწყობს მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მან ხაზი გაუსვა საქართველოს განზრახვას მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტები და აღნიშნა, რომ თბილისმა შეიმუშავა დეტალური, დროში გაწერილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც გახდება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველი.


“საქართველომ უკვე გადადგა ცალმხრივი ნაბიჯები გეგმის შესაბამისად: რესტიტუციის შესახებ კანონის პროექტი წარუდგინა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას განსახილველად; კონფლიქტის ზონის სოფლები უზრუნველყოფილია ძირითადი ინფრასტრუქტურით, სამედიცინო მომსახურებით, სამედიცინო აღჭურვილობით და ზამთრის მარაგით“, – განაცხადა მან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის მიერ მოქალაქეობის შესახებ მიღებული “დისკრიმინაციული“ კანონი , რომელიც მიზნად ისახავს “ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ 1992-1993 წლებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას“.


“ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს გააფართოოს თავისი საქმიანობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ადამიანურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროებში საპროექტო საქმიანობის გაზრდის გზით, კერძოდ, გალის რაიონში შერეული გაერო-ეუთოს ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისის გახსნის გზით“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა. 


თავის მიმართვაში ბეჟუაშვილი მიესალმა საქართველოსა და რუსეთს შორის 2005 წლის 30 მაისს მიღწეულ შეთანხმებას ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, თუმცა მეტი პროგრესისკენ მოუწოდა გუდაუთის საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, სადაც თბილისის აზრით, რუსეთს კვლავ აქვს სამხედრო ბაზა.


ბეჟუაშვილი ასევე მიესალმა ეუთოს მიერ ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამას, თუმცა მოუწოდა ორგანიზაციას ყველა ღონე იხმაროს საზღვრის მონიტორინგის მისიის აღსადგენად, რომელიც რუსეთის ვეტოს შედეგად შეწყდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button