
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს
იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა აკაკი ბობოხიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის თხოვნისა თანამდებობაზე დარჩენის თაობაზე, იგი არ აპირებს პოზიციის შეცვლას და ძველ პოსტზე დაბრუნებას.
აკაკი ბობოხიძემ 2 დეკემბერს იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც იმერეთის რეგიონალური ტელევიზიის “რიონის“ ეთერში ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილთან მის მწვავე დებატებს რწმუნებულის მხრიდან ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.
“პრეზიდენტმა მთხოვა, რომ მე არ მივიღო გადაწყვეტილება სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდე… მაგრამ ერთი კვირით ადრე ვაკეთებ კიდევ ერთ განცხადებას, რომ არავითარ შემთხვევაში იმერეთში რწმუნებულის რანგში მე არ დავბრუნდები“, – განაცხადა 5 დეკემბერს აკაკი ბობოხიძემ.