skip to content
ახალი ამბები

თბილისი მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის გეგმის უარყოფაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული კომენტარი ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების თბილისის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით “რეალურად არ ასახავს არსებულ ვითარებას“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი არ უჭერს მხარს თბილისის მიერ შემოთავაზებულ სამოქმედო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, რადგანაც ის არ ემთხვევა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გასული წლის სექტემბერში გაჟღერებულ “სამეტაპიან“ სამშვიდობო გეგმას.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმა  წარადგინა, რომელიც იმ მიზნებსა და ქმედებებს შეიცავს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს, რათა საბოლოო მოგვარებას 2006 წლის ბოლოსთვის მიაღწიოს.


“საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში ვენაში ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი გეგმა ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივას და წარმოადგენს მასში ასახული პრინციპების დეტალურად გაწერილ ვარიანტს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეტყობინებაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამხრეთ ოსეთის საკითხს 5-6 დეკემბერს ლუბლიანაში დაგეგმილ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზეც გაიტანს. 


“ქართული მხარე გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა მხარს დაუჭერს სამშვიდობო გეგმას ლუბლიანაში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე და გაიზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ პოზიტიურ აზრს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button