ახალი ამბები

კომიტეტები მთავრობისაგან სამშვიდობოებზე დადგენილების შესრულების ანგარიშს ისმენენ

დღეს პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები დახურულ კარს მიღმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ისმენენ სამშვიდობოების შესახებ საქართველოს პარლამენტის 10 ოქტომბრის დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების შესახებ ინფორმაციას.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება წარმოადგენს ინფორმაციას კონფლიქტის ზონებში არსებული სიტუაციის შესახებ და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ცხინვალის სამშვიდობო გეგმის რეალიზების დეტალურ საგზაო რუკას, როგორც ეს დადგენილებით იყო 1 დეკემბრამდე განსაზღვრული.


“ასევე მოვისმენთ მთავრობის მხრიდან მზადყოფნას შეასრულონ დადგენილებით გათვალისწინებული პუნქტები“, – განაცხადა 2 დეკემბერს  გივი თარგამაძემ.


კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია სამშვიდობო კონტიგენტის ბედსა და მათი კონფლიქტის ზონაში არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ გარკვეულ მოსაზრებებს და ვარიანტებს შესთავაზებს პარლამენტს.


პარლამენტის დადგენილება სამშვიდობოების მიერ კონფლიქტის ზონების დატოვებას იმ შემთხვევაში ითვალისიწნებს, თუ მთავრობა არ აღნიშნავს პროგრესს სამშვიდობოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. 

Back to top button