ახალი ამბები

“დემოკრატიული ფრონტის“ წევრები საკრებულოს ინციდენტის გამო პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

დღეს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ და პოლიტიკური შეფასება სთხოვეს 2 დეკემბერს საკრებულოში მომხდარი ინციდენტი თაობაზე, როცა საკრებულოს წევრებსა და პარლამენტის ოპოზიციონერ და უმრავლესობის დეპუტატებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა.


ნინო ბურჯანაძემ დაგმო საკრებულოში მომხდარი ჩხუბი და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს. იგი “დემოკრატიული ფრონტის“ წევრებს დაპირდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.


არ არის გამორიცხული, რომ საკრებულოს ინციდენტი სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს, გარდა ამისა, ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრება გენერალურ პროკურატურაში.


“პარლამენტის თავმჯდომარის რეალური გავლენა არის თუ არა მისი სტატუსის შესაბამისი გამოჩნდება, თუ საკრებულოში პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლება დამნაშავეებს დასჯის. რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე უხერხულ მდგომარეობაშია და მის ინტერესებში არ შედის პარლამენტის წევრებს უცნობი ან ნაცნობი ადამიანები სცემდნენ“, – განაცხადა 5 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ “რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა.


ოპოზიცია საკრებულოში გამართულ ჩხუბს მათ წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებს, მაშინ როცა მმართველი “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოპოზიციას ჩხუბის პროვოცირებაში ადანაშაულებენ.


“დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა უარი მიიღეს ნინო ბურჯანაძისაგან თხოვნაზე ერთი კვირით გადადებულიყო პარლამენტში საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელმაც გასულ კვირას საზოგადოების ნაწილში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კერძოდ, ამ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ “დემოკრატიული ფრონტის“ ორგანიზებით 2 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ ორი ათასზე მეტი პენსიონერის მონაწილეობით საპროტესტო აქცია გაიმართა.


ანალოგიური აქციის მოწყობას გეგმავს ოპოზიცია 6 დეკემბერს, მაშინ, როცა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საპენსიო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

Back to top button