ახალი ამბები

ჩოჩიევი: ცხინვალს კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმის პროექტი არ მიუღია

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა 1 ნოემბერს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოსურ მხარეს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ ოფიციალურად არანაირი პროექტი არ მიუღია.


კონფლიქტის მოგვარების თაობაზე სამოქმედო გეგმა, რომელიც მოლაპარაკებათა არსებული შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის გაფართოებას და 2006 წლის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს შეიცავს, მოიწონა აშშ–მ და ეუთომ, სადაც ეს გეგმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარადგინა. 


“ქართული მხარე ამტკიცებს, რომ გეგმა მოიწონა აშშ-ს სენატმა, ეუთო-ში შემავალმა ქვეყნებმა, მაგრამ მათ [საქართველოს ხელისუფლებას] დაავიწყდათ ყველაზე მთავარი – შეათანხმონ ის [სამოქმედო გეგმა] სამხრეთ ოსეთთან. უფრო გონივრული იქნებოდა ლიუბლიანას [15-16 ნოემბერს დაგეგმილ] შეხვედრამდე მოცდა და ამ გეგმის იქ გაჟღერება. მაგრამ მათთვის [საქართველოს ხელისუფლებისთვის] მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა მოიწონოს“, – იუწყება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


აღნიშნული სამოქმედო გეგმის ოსური მხარისთვის გაცნობა საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას დაავალა, რომლის ცხინვალში ვიზიტიც ჯერ–ჯერობით არ შემდგარა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button