ახალი ამბები

მთავრობა ბიზნესს ახალ საბაჟო კოდექსს სთავაზობს

2006 წლის დასაწყისში საქართველოს, სავარაუდოდ, ახალი საბაჟო კოდექსი ექნება. ოფიციალური პირების განცხადებით, ბიზნესისთვის ხელსაყრელი ეს საბაჟო კანონმდებლობა არ არის ძველი კოდექსის შესწორებული ვერსია, არამედ ეს არის  კანონი, რომელიც “ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიზაციაშია“.


ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის მთავრობისთვის წარდგენამდე ერთი თვით ადრე იგი დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის და ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლების მიერ.

დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მთავრობა მიესალმა პროექტს, როგორც საქართველოში ლიბერალური საბაჟო კანონმდებლობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს და დოკუმენტი პარლამენტს წარუდგინა დასამტკიცებლად.


ამჟამად, კანონპროექტს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ. პროცესი, სავარაუდოდ, ერთ თვეს გასტანს.


ახალი საბაჟო კოდექსით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე 30 ქვეყნის სიაში იხილოს.


მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ წელსაც ჩაატარეს ერთობლივი კვლევა “ბიზნესის წარმართვა 2006 წელს”, რომელშიც საქართველოს რეფორმატორ 155 ქვეყანას შორის მე-100 ადგილი უკავია. კორპორაციის ექსპერტების მიერ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ წარუმატებლობად მიჩნეულია საზღვრების მიდამოებში ვაჭრობა.


“ჩვენ პრიორიტეტულ მნიშვნელობას მივანიჭებთ სასაზღვრო ვაჭრობას. ამ მიზნით ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ახალი საბაჟო კოდექსი, რათა გავამარტივოთ საქონლის ტრანზიტი საქართველოში, გავაუმჯობესოთ ექსპორტი, იმპორტი და ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა სხვა პროცედურა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოვჩნდეთ 30 წამყვან ქვეყანას შორის“, – განუცხადა ზურაბ ნოღაიდელმა “სივილ ჯორჯიას“.


“ჩვენ არც შევასწორეთ და არც სხვა ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობის დუბლირება მოვახდინეთ. ჩვენ შემოგვაქვს სრულიად ახალი კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის საბაჟო კოდექსს შეესაბამება“, – განუცხადა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ირაკლი სირაძემ “სივილ ჯორჯიას“.


ახალი კანონპროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის მიერ  პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საბაჟო გადასახადები არსებული 15-დან 8-მდე შემცირდება.

შემუშავდა საბაჟო დეკლარაციის ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს საბაჟო პროცედურების გამარტივებას და იმპორტიორებს/ექსპორტიორებსა და მებაჟეებს შორის გამჭვირვალე ურთიერთობების დამყარებას. ეს სიახლე ასევე ითვალისწინებს ინტერნეტ დეკლარაციის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საშუალებას მისცემს მეწარმეებს იპოვონ და შეავსონ დეკლარაციები სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით და ამით მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო საბაჟოსთან დაკავშირებულ პროცედურებზე.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საბაჟო დისპუტებთან დაკავშირებული ახალი სისტემის ჩამოყალიბებას. არსებული კოდექსით გზა მხოლოდ სასამართლოსკენ მიდის, მაშინ როცა ახალი სისტემა ორ გზას ითვალისწინებს. პირველი გზა გულისხმობს სამეტაპიან სასამართლო პროცესს: მოსარჩელეს საჩივარი შეაქვს თავად საბაჟო სტრუქტურაში, რომელმაც საკითხი 10 დღის ვადაში უნდა მოაგვაროს. თუ საბაჟოს კონკრეტული ორგანო ვერ შეძლებს საკითხის მოგვარებას დათქმულ ვადაში, საქმე ავტომატურად გადადის ზემდგომ ინსტანციაში, როგორიცაა დისპუტების მოგვარების საბჭო ფინანსთა სამინისტროში (რადგანაც საბაჟო დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროს ქვემდებარე სტრუქტურაა). საბჭომ გადაწყვეტილება მაქსიმუმ ორი თვის ვადაში უნდა მიიღოს. თუ ისიც ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მოსარჩელე სასამართლოს მიმართავს.


მეორე, ალტერნატიული გზა ითვალისწინებს საქმის განხილვას პირდაპირ სასამართლოში. ამგვარად, მოსარჩელეზეა დამოკიდებული თუ რომელ გზას აირჩევს.


ახალი კანონპროექტი ასევე ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც საბაჟო პროცედურების დარღვევის თვალსაზრისით არსებობდა. იგი არეგულირებს საკითხებს იმ პუნქტის საშუალებით, რომელიც საბაჟოსთან დაკავშირებულ დარღვევებს ეხება (ამჟამად არსებული კოდექსი ამგვარ პუნქტს საერთოდ არ შეიცავს).


“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ერთადერთი 193-ე პუნქტი მოიცავდა საბაჟო სფეროში ყველა დანაშაულს და არა თავად საბაჟო კოდექსი. ის ითვალისწინებდა ჯარიმებს მხოლოდ 500-800 ლარის ფარგლებში. ახალ [საბაჟო] კოდექსში მთელი პუნქტი არეგულირებს კანონდარღვევებს. ყველაზე მცირე ჯარიმა 200 ლარს შეადგენს და ეს ზღვარი 1500 ლარამდე იზრდება. დარღვევის გამეორების შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმაც. რაც შეეხება სისხლის სამართლის  შემთხვევებს, მათ  სისხლის სამართლის კოდექსი მოაგვარებს, როგორც ეს ადრე იყო“, – განუცხადა “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ექსპერტმა დავით ნარმანიამ “სივილ ჯორჯიას“.


პროექტი შეიცავს სამ ახალ მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟო მოსაკრებლების შეგროვებას. ეს იდეა ავალდებულებს საქონლის იმპორტ-ექსპორტში და ტრანზიტში ჩართულ მეწარმეებს გაყინონ თავიანთი საბანკო ანგარიშის ნაწილი (მათი იმპორტ-ექსპორტის ოპერაციის მოცულობის შესაბამისად), სანამ არ დასრულდება მათი საქონლის განბაჟება. თუ მეწარმე ვადებში ვერ მოახერხებს საქონლის გატარებას საბაჟოზე, ეს გაყინული თანხები გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.


თუმცა, ამ დებულებამ შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს, რადგანაც იმ მეწარმეებს, რომელთაც ხშირად უხდებათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, მოუწევთ მუდმივად გაყინონ გარკვეული თანხა თავიანთ ანგარიშებზე. 


სავარაუდოდ, ამ საკითხს პარლამენტი განიხილავს სხვა საკითხებთან ერთად, რომლებიც მეწარმეთა უფლებების დაცვას ეხება.


რაც შეეხება ბიუროკრატიულ, ადმინისტრაციულ ბარიერებთან და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ დეტალებს, რომლებიც მეწარმეებს ყველაზე მეტ პრობლემებს უქმნის, მათი რეგულირება საბაჟო კოდექსისგან განცალკევებით მოხდება დამატებითი საკანონმდებლო აქტების საშუალებით, რომელშიც შევა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ან თავად მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები და ბრძანებები.


“საბაჟო კოდექსი მიზნად ისახავს წარმოაჩინოს საბაჟო პროცედურების, ასევე მეწარმეთა და მებაჟეების ვალდებულებების ნათელი სურათი. კოდექსები არ შეიცავენ საბაჟოსთან დაკავშირებული პრობლემების უფრო დეტალურ აღწერას. მათი რეგულირება მოხდება დამატებითი კანონმდებლობით, რომელიც კოდექსის ამოქმედების შედეგად შემუშავდება. მაგალითად, ევროკავშირის კოდექსი მხოლოდ 60 გვერდისგან შედგება, მაშინ როცა მისი დამატებითი კანონები 1000 გვერდს შეიცავს. მათში კონკრეტულ დეტალებზე საუბარი და საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა“, – განაცხადა ირაკლი სირაძემ. 

Back to top button