ახალი ამბები

პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ  ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ახალი კადრის დანიშვნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება უშიშროების საკითხებში საკუთარ მრჩეველს ლევან ჭოლაძეს დააკისრა.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა 19 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.


“საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დაჩქარებული წესით მომიხდა. ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო პიროვნული მომენტების გამო“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმირება.


“მიმაჩნია, რომ ზედმეტი ბიუროკრატია და ზედმეტი დუბლირება საჭირო არ არის. ჩვენ შევძლებთ, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ სტრუქტურები. ეს არ ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭო უქმდება ან მისი როლი სუსტდება, არამედ ის იქნება მოქნილი პატარა სტრუქტურა, რომელსაც არ ექნება არანაირი დუბლირება სხვა სამინისტროებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button