ახალი ამბები

“ახალგაზრდა იურისტები” მთავრობას და BP-ს დარღვევებში ადანაშაულებენ

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის მიმდინარეობისას სამართლებრივ პრობლემებზე მუშაობდა,  საქართველოს მთავრობას და კომპანია  BP-ს მთელ რიგ დარღვევებში ადანაშაულებს, კერძოდ მიწის მესაკუთრეების უფლებების შელახვაში,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გაუთვალისწინებლობაში.


“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ანა დოლიძის განცხადებით, მთავარი პასუხისმგებლობა “საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“, რადგან ვერ შეძლო საკუთარი მოსახლეობის უფლებების დაცვა.


“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მიწის მესაკუთრეთა ნაწილმა, რომელთა მიწებიც გადაკვეთა ნავთობსადენმა, ვერ მიიღო ფულადი კომპენსაცია. ასევე საფრთხე შეექმნა სამცხე–ჯავახეთის კულტურულ ძეგლებს, სადაც ნავთობსადენის დიდი მონაკვეთი გადის. 


თუმცა BP-ს წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ. BP–საქართველოს  გენერალური მენეჯერის რიფ დიგისნის განცხადებით, კომპანიამ 21 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მიწის კომპენსაციები გადაიხადა. დიგინსი ასევე აცხადებს, რომ კულტურული ძეგლების გადაკვეთის თავიდან აცილების მიზნით, ნავთობსადენის მარშრუტები საგანგებოდ იცვლებოდა.

Back to top button