
სამხრეთ ოსეთი თბილისს ანტისამშვიდობო კამპანიაში ადანაშაულებს
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა რუს სამშვიდობოებზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებას თბილისის “ანტისამშვიდობო კამპანიის“ ნაწილი უწოდა.
სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯიოევი აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამშვიდობო ძალები “სრულად ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ქართული მხარის მიერ შექმნილი პრობლემების გამო“.
ჯიოევმა ასევე განაცხადა, რომ შერეული სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ორმხრივი და საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში იმყოფებიან და მათი გაყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, არამედ დანარჩენ მხარეებსაც ეხებათ.
“ადრე მიღწეული შეთანხმებების გაუქმება, რომლებიც ხელს უწყობენ კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის მიღწევას, არ მეტყველებს საქართველოს ხელმძღვანელობის “მშვიდობიან ზრახვებზე“, – განაცხადა მურატ ჯიოევმა.