ახალი ამბები

ყაზახეთი საქართველოს სატრანზიტო მარშრუტებით ინტერესდება

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 3 ოქტომბერს თბილისში განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში ყაზახეთის მთავარ ინტერესს ამ უკანასკნელის სატრანზიტო შესაძლებლობები წარმოადგენს ყაზახური ნავთობის და სხვა ტვირთების ევროპაში ექსპორტის მიზნით. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ყაზახეთთან ურთიერთობებს და მათ „უპრობლემო“ უწოდა. მან ასევე მხარი დაუჭირა ყაზახეთის სურვილს გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2009 წელს. 

ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 2 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის პირველივე დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ნაზარბაევს ბათუმში მასპინძლობდა, სადაც ყაზახეთის ლიდერმა ადგილობრივი პორტი დაათვალიერა. 
 
“ყაზახეთისთვის [საქართველოსთან] ეკონომიკური თანამშრომლობა მთავარ ინტერესს წარმოადგენს. კასპიის ზღვის სანაპიროზე ჩვენ უმსხვილესი პორტი ავაშენეთ – აკტაუს პორტი, რომელსაც ამჟამად 15 მილიონი ტონა ნავთობის გატარება შეუძლია [წელიწადში]… ამჟამად მშენებლობის სტადიაში იმყოფება კიდევ ერთი პორტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ყაზახეთიდან კავკასიისა და შავი ზღვის გავლით ევროპაში გასვლა. სწორედ ეს იყო აჭარაში და ბათუმის პორტში ჩემი ვიზიტის მიზანი. ამ უკანასკნელის შესაძლებლობების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით და მინდა მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს და აჭარის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის, რომ გავცნობოდი ბათუმის პორტის სიმძლავრეებს“, – განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა მოლაპარაკებების შემდეგ თბილისში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე 3 ოქტომბერს.
 
“[ინტერესის] მეორე სფეროა სარკინიგზო მიმოსვლა ბაქოსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის შავი და ფერადი ლითონების, ასევე სხვა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის,“ – დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
 
ბათუმში ვიზიტის დროს ნაზარბაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი გეგმავს ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით. 
 
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2004 წელს ყაზახეთმა 3,300 ტონა მშრალი ტვირთი გადაზიდა დასავლეთში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით (ეს არის ამ დროისთვის უკანასკნელი ხელმისაწვდომი მონაცემები). საქართველოს რკინიგზის საშუალებით ექსპორტირებული მშრალი ტვირთისა და ყაზახეთში საქართველოს გავლით იმპორტირებული ტვირთის საერთო რაოდენობამ კი 2004 წელს 38,000 ტონა შეადგინა.
 
2004 წელს ყაზახეთმა 332,800 ტონა საექსპორტო ნავთობი გადაზიდა საქართველოს რკინიგზით. სააკაშვილის თქმით, 2005 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.


2004 წელს ფოთის პორტი 15,800 ტონა ყაზახურ ტვირთს მოემსახურა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყულევის პორტში მშენებარე ახალი ტერმინალის საშუალებით შესაძლებელი გახდება ამ მაჩვენებლების გაზრდა.  
 
თუმცა, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის პარამეტრები საკმაოდ დაბალია. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2005 წლის პირველ ნახევარში ორმხრივი ვაჭრობა შემცირდა და 8,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა მაშინ, როცა 2004 წელს ვაჭრობის საერთო მოცულობა 30 მილიონ აშშ დოლარს აღწევდა.
 
ორი ქვეყნის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ყაზახეთის მიერ საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ამ მაჩვენებლების ზრდას.
 
ყაზახურმა ბანკმა “ტურანალემმა“, რომლის აქტივებიც 5,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, თბილისში 23 აგვისტოს ფილიალი გახსნა. “ტურანალემი,“ თავის ადგილობრივ პარტნიორთან Silk Road Group-თან ერთად ახორციელებს 100,000 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს, რომელშიც შედის სასტუმრო “ივერიის” რეკონსტრუქცია და მთლიანად რესპუბლიკის მოედნის განახლება. საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტები 3 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანს ეწვივნენ, სადაც პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
 
ნაზარბაევმა ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი დაინტერესებულია ჩადოს ინვესტიციები აჭარაში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში. 
 
ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა ყაზახური გაზის საქართველოში შესაძლო მოწოდების საკითხი. საქართველო დიდი მონდომებით ეძებს ალტერნატიული გაზის მოწოდების წყაროს, რათა ამ მხრივ რუსეთზე დამოუკიდებულება შეამციროს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო ყაზახეთიდან დაიწყებს გაზის იმპორტს, რუსეთი მაინც შეასრულებს სატრანზიტო ქვეყნის როლს. ნაზარბაევის განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ რუსეთი არ შეეწინააღმდეგება ამ პროექტს.
 
სააკაშვილის განცხადებით, სამივე სახელმწიფო – საქართველო, რუსეთი და ყაზახეთი მიიღებენ სარგებელს ყაზახეთიდან გაზის იმპორტით. “ვფიქრობ, რუსეთისა და საქართველოს ინტერესები აქ ემთხვევა, რადგანაც გაზს ასევე მოიხმარენ საქართველოში მოქმედი რუსული საწარმოები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
ორივემ, სააკაშვილმა და ნაზარბაევმა არ დაიშურეს სიტყვები, რათა შეექოთ ერთმანეთის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყაზახური გამოცდილება ეკონომიკურ რეფორმებში საქართველოსთვის მაგალითია. 
 
“ჩვენ ყაზახეთთან ურთიერთობის ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება გვაქვს და ეს ბოლო ათწლეულის მანძინზე შეინიშნება. ყაზახეთი არასოდეს უქმნის ვინმეს პრობლემებს… და ყაზახეთის ნებისმიერი მონაწილეობა საერთაშორისო პროცესებში მხოლოდ მისასალმებელია, ჩვენ მათი იმედი გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, თან იქვე დასძინა, რომ საქართველო მხარს უჭერს ყაზახეთის განაცხადს 2009 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე.
 
ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან ხელმძღვანელობს და რომელსაც ოპონენტები განსხვავებული აზრის შევიწროებაში ადანაშაულებენ,  რამდენჯერმე სკეპტიკურად შეაფასა საქართველოში და უკრაინაში მშვიდობიანი რევოლუციის გზით მომხდარი ხელისუფლების ცვლის პროცესი.
 
თუმცა თბილისში მან განაცხადა: “ახლა, მე დავრწმუნდი, რომ საქართველოში სტაბილური მდგომარეობაა… მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს ხელისუფლება [ეკონომიკური] რეფორმების სწორ გზაზე დგას. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი”. 
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მათ შორის შეთანხმებას 2006-2010 წლებში ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

Back to top button