ახალი ამბები

შუალედური არჩევნების შედეგად ხელისუფლება პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს







ისნის რაიონში გამარჯვებული კანდიდატის
ბიძინა ბრეგაძის საარჩევნო ბანერი. ოპოზიციის
განცხადებით მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო
კამპანიაში მილიონობით ლარი დახარჯა.
ხელისუფლებამ 1 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში “ტესტის“ დადებითი შედეგები აჩვენა, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების ისნის, ბათუმის, ქობულეთის, შუახევის და ტყიბულის რაიონებში გამარჯვება მეტყველებს. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ამ გამარჯვებით, ხელისუფლებამ შეძლო მის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ცოცხალი დემონსტრირება მოეხდინა და ოპოზიციის, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,  “კატასროფული“ მარცხისათვის გაესვა ხაზი. თუმცა დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ შუალედური არჩევნების შედეგები საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობებს ვერ ასახავს.


“ამ არჩევნებით ხელისუფლებამ პოლიტიკური მანდატის დადასტურება მიიღო. ანუ ბოლო დროს გახშირებული კრიტიკის ფონზე ხელისუფლებას კვლავაც მიეცა შესაძლებლობა განაცხადოს, რომ ამომრჩეველის ნდობა კვლავაც აქვს“, – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში პოლიტოლოგი გია ნოდია.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში ხუთ მაჟორიტარულ მანდატს მმართველი პარტიის კანდიდატები მიიღებენ და შეუერთდებიან “ნაციონალურ მოძრაობის“ მრავალრიცხოვან საპარლამენტო გუნდს.


რეალურად შუალედური არჩევნები, რომლის წინასწარი შედეგებიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ თვისობრივად შეიცვალოს,  საპარლამენტო უმრავლესობაში ძალთა ბალანსის თვალსაზრისით ვერაფერს შეცვლის. სიახლე შესაძლოა მხოლოდ ის იყოს, რომ სპიკერატში აჭარის დეპუტაციის  კუთვნილი ვაკანტური ადგილი ბათუმში გამარჯვებულმა მაჟორიტარმა ჯემალ ინაიშვილმა დაიკავოს.


“ეს არჩევნები საინტერესო იყო იმდენად, რომ გარკვეული დინამიკა გამოჩნდა, თუ როგორია ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსები, თუმცა შედეგები რამდენად ასახავს ამ შანსების ადეკვატურობას, ძნელი სათქმელია“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ აწ უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დატოვა.


ცსკ–ს წინასწარი მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა  ბიძინა ბრეგაძემ ისანში 18%–ით მოუგო კონკურენტს იმ პირობებში, რომ ამომრჩეველთა 73%–ს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ჯემალ ინაიშვილმა ამომრჩეველთა 75%–ის პასიურობის პირობებში 59%–იანი სხვაობით დაამარცხა კონკურენტი ბათუმში. საერთო ამომრჩევლების ნახევარზე მეტს  – 55%–ს არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა ქობულეთში, სადაც კონკურენტს მმართველი პარტიის კანდიდატმა კობა ხაბაზმა 40%–იანი სხვაობით მოუგო. ყველაზე მაღალი (65%–მდე) აქტივობისა და ხმების პროცენტული მაჩვენებლებით გაიმარჯვეს  ხელისუფლების კანდიდატებმა ტყიბულსა (პავლე კუბლაშვილი) და შუახევში (ელგუჯა მაკარიძემ).


შუალედური არჩევნებზე, რომელიც ტრადიციულად დაბალი აქტივობით გამოირჩევა და არც 1 ოქტომბერი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი, მოსახლეობა არჩევანს იმ კანდიდატის სასარგებლოდ აკეთებს, რომელსაც კომუნალურ თუ სამეურნეო პრობლემების მოგვარების რესურსი გააჩნია. როგორც წესი, პოლიტიკური არჩევანი უფრო პროპორციულ არჩევნებზე, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ კეთდება ხოლმე.

“მოსახლეობა ხვდება, რომ ადგილობრივი პრობლემების მოგვარების რესურსი ხელისუფლების ხელშია და არა ოპოზიციის. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, როცა [2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო ] არჩევნებში ხელისუფლების უკიდურესად დაბალი რეიტინგის მიუხედავად, მაჟორიტარული მანდატების უმეტესობა ხელისუფლების კანდიდატებმა აიღეს“, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.


დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ხელთ არსებული რესურსის მაქსიმალური მობილიზების პირობებში შუალედურ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობაზე არ მეტყველებს.


“ერთის თქმა შეიძლება, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთადერთი რეიტინგული ფიგურის –პრეზიდენტ სააკაშვილის – წინასაარჩევნო აქტიურობამ, ასევე გამგებლებისა და პოლიციის განსაკუთრებულმა ძალისხმევამ, ასევე დახარჯულმა ფულმა დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, ვერ ვიტყვი ოპოზიციის რეიტინგზე დაბლაა, მაგრამ გაცილებით დაბალია წინა წლებთან შედარებით“, – აცხადებს ზურაბიშვილი.


მისი თქმით, ოპოზიციას ისნისა და ქობულეთის ოლქებში გამარჯვების მეტ–ნაკლები შანსი ჰქონდა, რომ არა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ამუშავებული ხელისუფლების სააგიტაციო მანქანა. კერძოდ, პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობით ამ რაიონებში წინასაარჩევნოდ რამოდენიმე ღონისძიება მოეწყო, მათ შორის აჭარაში ახალი გვირაბის და ისანში ახალი შადრევნის პრეზენტაცია.


“რომ არ ყოფილიყო დიდი ადმინისტრაციული რესურსი, დახარჯული ფული და კიდევ საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ ის, რომ სიებიდან ზუსტად ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ ამოვარდნილები, შემიძლია ვთქვა, რომ ქობულეთსა და ისანში ოპოზიციას მართლაც შეეძლო ხელისუფლების კანდიდატებისათვის რეალური კონკურენცია გაეწია, დანარჩენ ოლქებში კი “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების უპირატესობა წინასწარვე ცხადი იყო“,– აცხადებს დავით ზურაბიშვილი. 


თუმცა შუალედურ არჩევნებში დადებით მომენტად მიიჩნევა ის, რომ ხელისუფლებამ კენჭისყრამდე შეძლო ხმების მობილიზება და ხმის დათვლის დროს აღარ ჰქონია ისეთ მანკიერ პროცესებს ადგილი, როგორიცაა ხმების გაყალბება, ბიულეტენების ჩაყრა, ოქმების გადაკეთება.


გია ნოდია მიიჩნევს, რომ “ამ არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება აღფრთოვანებულია ხელისუფლებით, არამედ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იგი ვერ ხედავს სხვა ალტერნატივას“. 


თუმცა ალტერნატივის შექმნის მცდელობა ოთხი ოპოზიციური პარტიის თანამშრომლობის მაგალითზე შეინიშნა. ხელისუფლებასთან პაექრობის მიზნით წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ სხვადასხვა პოლიტიკური წარსულისა და მიმართულების პოლიტიკური ძალები, რითაც მოხდა სხვადასხვა ტიპის ელექტორატის გარკვეული კონსოლიდაცია. კერძოდ, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტების რევოლუციის იდეის მოწინააღმდეგე მხარდამჭერებს დაემატა “კონსერვატორების“ ამომრჩეველი, რომელიც რევოლუციის შედეგებით იმედგაცრუებულთა ნაწილს აერთიანებს. თუმცა საკუთარი სურვილით საარჩევნო მარათონს მიღმა დარჩა კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ძალა –  “რესპუბლიკური“ პარტია.


გია ნოდიას განცხადებით, პოზიტიური მოვლენაა, რომ ოპოზიციამ  გაერთიანება სცადა და ამისთვის ცივილიზებული გზა [პრაიმერი] მონახა, “თუმცა საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა“. არადა პარლამენტის მცირერიცხოვანი ოპოზიციისთვის ახალი წევრები მართლაც ღირებული შენაძენი იქნებოდა.


“ოპოზიციის მექანიკური გაერთიანება თავისთავად კარგი პროცესი არ არის. თუმცა დღევანდელი ხელისუფლების ტაქტიკა – „”გაერთიანდით და გვებრძოლეთ“ პრინციპს ემყარება და ოპოზიციას გაერთიანების გარდა სხვა შანსს არ უტოვებს. თუ სადამდე მიგვიყვანს დღევანდელი ხელისუფლების ეს ტაქტიკა მომავალ წელს ადგილობრივ არჩევნებზე გამოჩნდება“,–  განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დავით ზურაბიშვილმა.


2006 წლისათვის საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგეგმება. მიმდინარე წლის ზაფხულში ხელისუფლებამ “დედაქალაქის–თბილისის“ შესახებ კანონში ისეთი წესი მიიღო, რომ 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მოგების შანსი ოპოზიციას მხოლოდ გაერთიანების გზით თუ მიეცემა.


“თუ მომავალ წელს ოპოზიცია შეძლებს კონსოლიდირებას, თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში  სერიოზული შედეგის მიღწევის შანსი ექნება, თუ არ მოხდა სასწაული და ხელისუფლება არ გამოსწორდა, რაშიც ეჭვი მეპარება“, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.


თუმცა განსხვავებული პროგნოზი აქვს გია ნოდიას. “ოპოზიცია თუ ვერ შეძლებს საზოგადოებისათვის მომხიბლავი მესიჯის შექმნას, ადგილობრივ არჩევნებზე მისი შანსები მაინცდამაინც მაღალი არ იქნება“, – აცხადებს იგი.

Back to top button