
მმართველი პარტია არჩევნებში ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხმების უმეტესი ნაწილის დათვლის შედეგად საქართველოს ხუთ საარჩევნო ოლქში 1 ოქტომბერს ჩატარებულ მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ.
ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა არჩევნები უკვე შეაფასეს, როგორც სამართლიანი და დემოკრატიული. თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ გამოსასწორებელია ის ხარვეზები, რომლებიც ამომრჩეველთა სიებს უკავშირდება.
შუალედური არჩევნები ქობულეთის, ბათუმის, შუახევის, ტყიბულის და ისნის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტში ხუთი ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით ჩატარდა. “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ კონკურენტებად ოთხი ოპოზიციური პარტია გამოდიოდა – ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, თავისუფლება და ლეიბორისტული პარტია. ოთხივე პარტია წინასაარჩევნოდ გაერთიანდა და პრაიმერის გზით შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატები შეარჩია.
შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
ისნის საარჩევნო ოლქი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბიძინა ბრეგაძე – 8 753 ხმა;
“ახალი მემარჯვენეების” წევრი გიორგი მოსიძე – 5 841 ხმა;
დანარჩენმა სამმა კანდიდატმა 1 207 ხმა მიიღო.
ტყიბულის საარჩევნო ოლქი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი პავლე ყუბლაშვილი – 9 306 ხმა;
”ახალი მემარჯვენეების” წევრი ნინო ქვარიანი – 1 854 ხმა.
ბათუმის საარჩევნო ოლქი
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯემალ ინაიშვილი – 8 249 ხმა;
”კონსერვატორების” წევრი – ჯუმბერ თავართქილაძე – 1 753 ხმა;
დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა 753 ხმა მოიპოვა.
ქობულეთის საარჩევნო ოლქი
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი – 13 920 ხმა;
“კონსერვატორების” წევრი ჯიმშერ ჯინჭარაძე – 6 160 ხმა;
დამოუკიდებელი კანდიდატი ავთანდილ მიქელაძე – 336 ხმა.
შუახევის საარჩევნო ოლქი
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა მაკარაძე – 5 484 ხმა;
”ახალი მემარჯვენეების” წევრი ედუარდ ნიჟარაძე – 2 116 ხმა;
დამოუკიდებელი კანდიდატი ვლადიმერ მუმლაძე – 222 ხმა.
“ცსკ-მ რამდენიმე საჩივარი მიიღო და მათი უმეტესობა ამომრჩეველთა სიებს უკავშირდება. ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საჩივარს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არჩევნების [წინასწარ] შედეგებს ვერ შეცვლიან”,– განაცხადა ცსკ-ს თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ 2 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
‘სამართლიანი არჩევნები’
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშიროსო საზოგადოება”, რომელიც არჩევნების დროს თითოეულ უბანზე მონიტორინგს ახორციელებდა, მიესალმა არჩევნებს და მას სამართლიანი და დემოკრატიული უწოდა.
“შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდა და 1 ოქტომბრის არჩევნებს შეიძლება მიეცეს სამართლიანის შეფასება. მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ ის მცირე დარღვევები, რომლებიც ამ არჩევნებზე დაფიქსირდა, პირველ რიგში, საუბარია ამომრჩეველთა სიებზე”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ მართლა მოინდობა, რათა კარგად ჩაეტარებინა ეს არჩევნები“, – დასძნა მან.
“ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ ასევე აკვირდებოდა არჩევნებს. ორგანიზაციის ხელმძძღვანელის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, იმ დარღვევებს, რაც არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა, რეალური გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
“აქედან გამომდინარე არანაირი საფუძველი არ არის, რომ ეს არჩევნები დადებითად და სამართლიანად არ შევფასდეს”,– განუცხადა იონათამიშვილმა “სივილ ჯორჯიას.“
კომენტარები
პრეზიდენტი სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად აჭარაში იმყოფება, 2 ოქტომბერს კმაყოფილება გამოხატა მმართველი პარტიის წარმატებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არჩევნებმა ქართველი ამომრჩევლის “პოლიტიკური კულტურის მაღალი სტანდარტის დემონსტრირება მოახდინა”.
პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციას არჩევნებში “კატასტროფული მაჩვენებელი“ ქონდა.
“ოპოზიციას ჰქონდა კატასტროფული მაჩვენებელი. საერთოდ შუალედური არჩევნები ეს არის ოპოზიციის არჩევნები, აქ ყოველთვის საპროტესტო ელექტორატი მძლავრობს და ჭარბობს. ხუთივე რაიონიდან [ოპოზიციის მიერ] ხუთივე იქნა წაგებული… ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დღეს საქართველოში აშკარად სახეზეა მკვეთრი სისუსტე ოპოზიციის, რაც თავისთავად არ არის კარგი იმის გამო, რომ ყველანაირ ხელისუფლებას ყველაზე წარმატებულასაც კი, რა თქმა უნდა, სჭირდება კონსტრუქციული, პასუხიმგებლობის მქონე, გარკევული პოზიციების მქონე სხვა პარტიები, რომლებიც უდგანან ხელისუფლებას ოპოზიციაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა “ახალმა მემარჯვენეებმა“ და “კონსერვატორებმა“, რომელთა კანდიდატებიც ძირითად კონკურენციას უწევდნენ მმართველის პარტიის კანდიდატებს, დაგმეს 1 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნები და მას უსამართლო უწოდეს, თუმცა მიესალმნენ საარჩევნოდ ოთხი ოპოზიციური პარტიის თანამშრომლობას.
“ეს იყო სამარცხვინო არჩევნები … იყო შემთხვევები რეგისტრირებული ამომრჩევლების ამოღებისა სიებიდან, ამგვარად, მათ ჩამოერთვათ ხმის უფლება … ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში ქობულეთის ოლქში მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით“, – განუცხადა “კონსერვატორების“ ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 2 ოქტომბერს.
თუმცა, მისი თქმით, ეს არჩევნები სასარგებლო გამოცდილება იყო, პირველ რიგში, თანამშრომლობის თვალსაზრისით. “ჩვენ [ოთხი ოპოზიციური პარტია] ახლა თანამებრძოლები ვართ და ამ თანამშრომლობის გაგრძელებას ვგეგმავთ. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვისაც [მომავალ წელს]“, – დასძინა კობა დავითაშვილმა.
“ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, რათა არ დაეშვა ერთი ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვებაც კი“, – განუცხადა “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ “სივილ ჯორჯიას“ 2 ოქტომბერს.
“დარღვევები, განსაკუთრებით, აჭარაში დაფიქსირდა. იყო დაშინების, მოსყიდვის და ამომრჩეველთა სიებიდან ამოშლის ფაქტები“,– დასძინა მან.
ფიქრია ჩიხრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ არჩევნებმა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყება ცხადყო, “რომელიც ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება“.
ხუთი ადგილი პარლამენტში, რომელსაც მმართველი პარტიის კანდიდატები დაიკავებენ, ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც უმრავლესობას ისედაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს. თუმცა, ეს არჩევნები მიიჩნეოდა, როგორც საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი ინდიკატორი მთავრობის პოლიტიკის მიმართ.