ახალი ამბები

ბურჯანაძე: ჩემს წინააღმდეგ ცილისწამებლურმა ბრალდებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ნეგატიურად შეფასა ბოლო დროს პრესაში მის წინააღმდეგ წარმოწყებული ე.წ. “შავი PR-ი” და განაცხადა, რომ მის მიმართ “დაუსაბუთებელმა, ცილისწამებლურმა ბრალდებებმა უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო“.


“როგორც ჩანს ბოლო პერიოდში ვიღაცას ძალიან აწყობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ იყოს აგორებული შავი PR-ი. მე გავარკვევ ვინ დგას ამის უკან და თქვენც გაცნობებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს  ნინო ბურჯანაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ მის ქონებას. კერძოდ, საუბარია გაზეთ “ალიაში“ (10–11 სექტემბრისა და 29 სექტემბრის ნომრებში) გამოქვეყნებულ სტატიებზე, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის ერთ–ერთ პრესტიჟულ უბანში ე.წ ტყუპ სახლებს აშენებს.


“არსებობს ჩემი პირადი ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია დაინტერესდეს და შეამოწმოს ამ ქონების კანონთან შესაბამისობა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


მან ასევე თხოვნით მიმართა ჟურნალისტებს შეიქმნას დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც გაარკვევს რამდენად შეესაბამება სიმართლეს “ალიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია.


“ჩემი მიზანი არ არის რეიტინგზე ზრუნვა… არც თავის მართლებას ვაპირებ…ჩემი მიზანია ადამიანები დაცული იყვნენ შეგნებული ცილისწამებისაგან“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომელიც აქვე ხაზს უსვამს, რომ “მე ყოვეთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი თავისუფალი სიტყვის გარანტი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button