ახალი ამბები

ულტიმატუმი რუსეთის სამშვიდობო ძალებს







რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში. საქართველოს
პარლამენტი სამშვიდობო ძალებს ვითარების
გამოსასწორებლად ოთხთვიან ვადას მისცემს.
29 სექტემბერს პარლამენტში შედგა იმ დადგენილების პროექტის პრეზენტაცია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებს “მკვეთრად უარყოფითად“ აფასებს.  პროექტის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში თუ სამშვიდობოები 2006 წლის 10 თებერვლამდე სრულად არ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, პარლამენტი 15 თებერვლიდან მოითხოვს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, შეთანხმებების დენონსირებას და არსებული სტრუქტურების გაუქმებას. 

ანალოგიური მოთხოვნები ვრცელდება აფხაზეთთან მიმართებაშიც, მხოლოდ ვალდებულებების შესრულების ვადა 1 ივლისი, ხოლო სამშვიდობოების მიერ ქვეყნის “უსწრაფესად“ დატოვების დაწყების თარიღი 15 ივლისია. ამასთან, სამშვიდობოების საქმიანობაში პროგრესის ან მისი არარსებობის შეფასება, დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.


“აღნიშნული დადგენილების სწორედ ახლა შექმნის მიზეზი გახდა ის ნეგატიური მოვლენები, რომელიც კონფლიქტურ ზონებში ბოლო პერიოდში განვითარდა… მიზანი კი არის ვითარების ფორსირება, რათა სამშვიდობო პროცესი უფრო ეფექტური გახდეს “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 29 სექტემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


მან ამ თემის გამწვავების ერთერთ მაგალითად 20 სექტემბერს ცხინვალში თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი და რუსული მძიმე ტექნიკის რუსი სამშვიდობოების თვალწინ დემონსტრირება დაასახელა. 


“საქართველოს პარლამენტი მოითხოვს პასუხის გაცემას კითხვაზე – საიდან გაჩნდა ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, რომლის ადმინისტრაციული საზღვრის მთელი პერიმეტრი მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს ემიჯნება, დიდი რაოდენობით ახალი სამხედრო ტექნიკა?“,– ნათქვამია დადგენილების პროექტში.


რუსეთის, როგორც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ერთ–ერთი ძირითადი მედიატორის და პასუხისმგებელის მიმართ, დადგენილების პროექტში მკვეთრად უარყოფითი შეფასებებია გაკეთებული.


“რუსეთის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი პირდაპირ ემსახურება სეპარატისტული რეჟიმების გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივ ანექსიას“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.


“საქართველოს ხელისუფლებას სურს რუსეთთან ჰქონდეს ნორმალური, მეზობლური და კონსტრუქციული დამოკიდებულება, რაც არ არის მხოლოდ ქართული მხარის სურვილზე დამოკიდებული…მოვუწოდებთ რუსეთს ითამაშოს კონსტრუქციული როლი და  შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც სამშვიდობო ოპერაციის გარანტმა. თუმცა საბოლოოდ ვაცხადებთ და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება: თუ რუსეთის მხრიდან არ იქნება კონკრეტული ზომები მიღებული რეალური პროგრესის მისაღწევად სამშვიდობოების საქმიანობასთან დაკავშირებით, ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას“, –  აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი ინტენსიურად აგრძელებს კონფლიქტის ზონებში მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად, გამარტივებული წესით მინიჭებას; ცალმხრივი გადაწყვეტილებით საქართველოს სხვა ტერიტორიებისაგან განსხვავებული – პრაქტიკულად უვიზო მიმოსვლა აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან; ცხინვალსა და სოხუმში უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იმავდროულად ითავსებენ რუსულ სპეცსამსახურებში მუშაობას; თბილისთან შეუთანხმებლად სოხუმსა და ცხინვალში ხორციელდება ფედერალური დელეგაციების ვიზიტები, იდება შეთანხმებები და ხდება პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების ამოქმედება –  მაგალითად მოსკოვი–სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა 2004 წელს.


“მსგავსი მაგალითები და სხვაგვარი ღია პოლიტიკური თუ სამხედრო მხარდაჭერა საშუალებას აძლევს სეპარატისტულ ხელისუფლებებს, მოახდინონ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის იგნორირება და გააგრძელონ სამშვიდობო პროცესების იგნორირება. ნათელია, რომ რუსეთს არ გააჩნია პოლიტიკური ნება, ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოწესრიგებას“, – ნათქვამია დადგენილებაში.


დადგენილების პროექტით, პარლამენტი ასევე ავალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, მოახდინონ აქტიური სამართლებრივი რეაგირება სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იკავებენ მაღალ თანამდებობებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებში.


“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ნათლად დაინახოს რა არის ამ დადგენილების მიღების საფუძველი: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც მოწოდებული ვართ ბოლო მომენტამდე გამოვიყენოთ კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების ნებისმიერი შესაძლებლობა, ჩვენ არ ვაპირებთ განუწყვეტლივ მოვითმინოთ ის, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის იმ ნაწილებში, რომელთაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჰქვიათ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილია კლანური დიქტატურები, რომელთა მიზანი პირადი ძალაუფლების განმტკიცება და უკანონო შემოსავლების მიღებაა. მათი მმართველობის შედეგია ამ რეგიონებში მოქალაქეების გატაცება, ყაჩაღობა, მკვლელობა, რუსეთი სპეცსამსახურებთან ერთად ტერორისტული და დივერსიული ჯგუფების შექმნა და მხარდაჭერა, ტერორისტული აქტების მოწყობა, ნარკოტიკების ტრანზიტი, ტრეფიკინგი, იარაღით ვაჭრობა, კონტრაბანდის მხარდაჭერა, დევნილთა ქონების მითვისება, მშობლიურ ენაზე სწავლებისა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლების წართმევა.


“საქართველოს პარლამენტი აცხადებს – უნდა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე “თეთრი ლაქების“, კრიმინალური ანკლავებისა და დიქტატორული რეჟიმების არსებობა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში. 


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ სამშვიდობო ინიციატივებს პრაქტიკულად არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. “მოჰყვა მხოლოდ ის, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული“,– აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


პარლამენტი დადგენილების პროექტით ავალებს მთავრობას 2005 წლის 1 დეკემბრამდე წარმოადგინოს სამშვიდობო გეგმების რეალიზების დეტალური სამოქმედო რუქა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს – გაააქტიუროს მუშაობა სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის მოპოვებისა და ახალი სამშვიდობო ოპერაციების დაწყების მიზნით.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დადგენილებაზე პარლამენტში სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა, რომელიც მმართველი პარტიის წამყვანი დეპუტატებისაგან იყო დაკომპლექტებული და სადაც  ხანგრძლივი მუშაობის შედეგად კონსენსუსი იქნა მიღწეული.


“ასეთივე განწყობაა საპარლამენტო უმრავლესობაში… თუმცა [დადგენილების პროექტის] ამ პრეზენტაციის მიზანია გავიზიაროთ ნებისმიერი კონსტრუქციული წინადადება პარლამენტის შიგნიდან, მის გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალებიდან და საზოგადოებიდან, რაც გააუმჯობესებს დადგენილების ამ ტექსტს“,– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 29 სექტემბერს.


ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ისევე როგორც პარლამენტის მიერ რუსულ ბაზებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სრულდება, “იმუშავებს [სამშვიდობოებზე] ეს დადგენილებაც“.

Back to top button