ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის თავმჯდომარეობით სპეციალური სააკორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ქართული მხარის პოლიტიკის კოორდინაციას განახორციელებს. იგი ასევე მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს პრეზიდენტის ხანმოკლე გამოსვლა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.


“ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები. გადავწყვიტეთ შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო… ეს ჯგუფი კოორდინაციას განახორციელებს ყოველ წუთს და ყოველ დღე, რათა – მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სეპარატისტული მხარე პროვოკაციულად უარს აცხადებს დიალოგზე – ვაიძულოთ ისინი [სამხრეთ ოსეთის მხარე], რომ წამოვიდნენ დიალოგზე,  ვაიძულოთ ისინი, რომ განიხილონ [კონფლიქტის] მშვიდობიანი მოგვარების საკითხი“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მან აღნიშნა, რომ საბჭოს წევრები იქნებიან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი, ხოლო უხელმძღვანელებს მას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.


პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, თავი შეიკავოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხარდაჭერისგან“.


“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები – ამერიკელები მზად არიან ჩაერთონ ამ [სამშვიდობო] პროცესში, [მნიშვნელოვანია], რომ ისინი მხარს უჭერენ სამშვიდობო დიალოგს და სამშვიდობო პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ გაისმა მოწოდება, რომ შეწყდეს სეპარატისტების მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის  მიერ სეპარატისტების მხარდაჭერა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


თუმცა, სააკაშვილმა არ გააკეთა კომენტარი განცხადების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც გმობს ცხინვალის დაცხრილვას 20 სექტემბერს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს “გადადგას ნაბიჯები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მზადყოფნის დემონსტრირებისთვის და დაუყონებლივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტის უკან დგანან”.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button