ახალი ამბები

თბილისი სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის ხელსაყრელი ფორმატის ძიებაშია

საქართველოს ხელისუფლებამ გაააქტიურა მოწოდებები მშვიდობიანი მოლაპარაკებების არსებული ფორმატის და სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგანაც არსებულს „არაეფექტურად“ მიიჩნევს, რომელმაც სამშვიდობო პროცესი ჩიხში შეიყვანა. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ არსებული ოთხმხრივი ფორმატი ერთადერთი ეფექტური მექანიზმია კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების განახლების თავიდან ასაცილებლად.  


22 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში თავისი სპეციალური წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი გამოაგზავნა მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს ცხინვალში ჭურვების აფეთქების შედეგად კონფლიქტის ზონაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. კენიაიკინი ოთხმხრივ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) რუსულ მხარეს წარმოადგენს. ეს ის ძირითადი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტის მხარეები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებენ.


„შსკ-ს ფარგლებში მუშაობამ აზრი დაკარგა. ნათელია, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული… შსკ გადამწყვეტ მომენტებში აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო გამოდგა“,– განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 22 სექტემბერს. იგი შსკ-ში ქართულ მხარეს ხელმძღვანელობს.


ამის საპასუხოდ, რუსმა დიპლომატმა ვალერი კენიაიკინმა, რომელიც უკვე შეხვდა ხაინდრავას, განაცხადა, რომ ნაადრევია იმის თქმა, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული. „შსკ ერთადერთ ეფექტურ მექანიზმად რჩება მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვისთვის“,–  განუცხადა მან ჟურნალისტებს 22 სექტემბერს.


შსკ ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილეოთ ოსურ მხარეებს აერთიანებს. იგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წლის შეთანხმების შესრულების მიზნით შეიქმნა. ეს ოთხმხრივი ორგანო ქართული მხარისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის მოლაპარაკებების პროცესში, რადგანაც თბილისი არა მხოლოდ სამხრეთ ოსურ მხარესთან ოპონირებს შსკ-ში, არამედ რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებთანაც, რომლებიც, ოფიციალური თბილისის განცხადებით, ვერ მოქმედებენ როგორც მიუკერძოებელი შუამავლები.


შსკ-ს სხდომებში ასევე მონაწილეობენ ეუთოს წარმომადგენლები, თუმცა ორგანიზაციის მანდატი მხოლოდ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეუთოს დამკვირვებლები ასევე აკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ფაქტებს და აგროვებენ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის თაობაზე. ეუთო განახორციელებს ცხინვალში 20 სექტემბერს მომხდარი აფეთქების გამოძიების მონიტორინგს. მხარეები ინფორმაციას მიაწვდიან ეუთოს გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.


საომარი მოქმედებების განუახლებლობის კიდევ ერთ მექანიზმს კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალები წარმოადგენს. სამშვიდობოთა მანდატი ასევე ითვალისწინებს კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესის ხელშეწყობას. შერეული სამშვიდობო ძალები სამი ბატალიონისგან შედგება: თითო-თითო ბატალიონი ქართველი და რუსი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. მესამე ასევე რუსეთის მოქალაქეებითაა დაკომპექტებული, ოღონდ ჩრდილეოთ ოსეთის რესპუბლიკიდან. შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურს რუსული მხარე ნიშნავს.


ქართულმა მხარემ სამშვიდობო ოპერაციის მიმართ კრიტიკა 20 სექტემბერიდან მას შემდეგ გააძლიერა, რაც სამხრეთ ოსეთის მხარემ ცხინვალში ე.წ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის ტანკებისა და ჯავშანტექნიკის, დემონსტრირება მოახდინა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ სამშვიდობო ძალებმა ვერ შეძლეს დემილიტარიზაციის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა და უფლება მისცეს სამხრეთ ოსეთის მხარეს სამხედრო ტექნიკა ცხინვალში შეეყვანა, რომელიც, შეთანხმების თანახმად, დემილიტირიზებული ზონა უნდა იყოს.


მიუხედავად ქართული მხარის კრიტიკისა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება, თუ რას სთავაზობს თბილისი ახლანდელი ფორმატის ალტერნატივად მხარეებს.


„ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩვენი ძალებით ჩანაცვლების პროცესზე მუშაობა. ჩვენ მხოლოდ დღის წესრიგში დავაყენეთ ეს საკითხი. კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ რუსეთს და მის სამშვიდობოებს, რათა დაარწმუნონ ყველა, და პირველ რიგში ჩვენ, რომ  სამშვიდობოები ნამდვილად საჭირონი არიან და რომ მათ შეუძლიათ თავიანთი მოვალეობების შესრულება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 22 სექტემბერს.


ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ თბილისმა გაააქტიურა მოწოდებები, რომ უფრო ქმედითი როლი ითამაშოს კონფლიქტების მოგვარების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-60 სხდომის მაღალი დონის ტრიბუნიდან  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაერო “უნდა შეიცვალოს“ და დაეხმაროს საქართველოს ბოლო მოუღოს “მეზობელი ქვეყნის“ მიერ “აფხაზეთის ტერიტორიის ანექსიის პროცესს.


20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმები არ იქნება საკმარისი საერთაშორისო საზოგადოების ეფექტური მხარდაჭერის გარეშე.


„სამშვიდობო გეგმები საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება მექანიზმი, რომლის საშუალებითაც საერთაშორისო საზოგადოება ეფექტურად დაუჭერს მხარს იმ ინიციატივებს და პოლიტიკას, რომლებიც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული“, –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მსგავსი/Related

Back to top button