სააკაშვილი უკრაინას სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის „არტეკის“ 80 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.
ამ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 12-14 აგვისტოს საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო სტუმრობდა.
იუბილეს პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი და ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსიც დაესწრებიან.
სავარაუდოდ, ოთხივე პრეზიდენტი განიხილავს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ინიციტიავას დემოკრატიული ერების რეგიონალური კოალიციის შექმნის თაობაზე.
16 აგვისტოს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი მიესალმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ამ ინიციატივას და განაცხადა, რომ იგი პირადად განიხილავს მას ორი ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად.
იუშჩენკომ და სააკაშვილმა 12 აგვისტოს ბორჯომში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, სადაც მოუწოდეს შავი ზღვის, ბალტიისპირეთის და კასპიის რეგიონის ლიდერებს შექმნან „დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)