ახალი ამბები

რუსეთის სათათბირო ფრადკოვს გაზის გაძვირებას სთხოვს

დღეს რუსეთის სათათბირომ 414 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ–მინისტრ მიხეილ ფრადკოვისადმი მიმართვას, სადაც თხოვს რუსეთიდან საქართველოში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვაში, უკრაინასა და ესტონეთში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას.


სათათბირო ასევე მიმართავს რუსეთის მთავრობას ამოიღოს ის ვალი, რომელიც მიწოდებული გაზის სანაცვლოდ დაუგროვდათ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას.


თბილისში მყოფმა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა 8 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რუსეთის მთავრობა არ განიხილავს გაზის საფასურის მომატების საკითხს“. სათათბიროს დადგენილებასთან დაკავშირებით ლევიტინმა დასძინა, რომ “[რუსეთის] სახელმწიფო სათათბირო თავისი განრიგით მუშაობს, მთავრობას კი საკუთარი ამოცანები აქვს“.


რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის “გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა 24 ივნისს განაცხადა, რომ კომპანია 2006 წლიდან დსთ-ის ქვეყნებისთვის გაზის ღირებულებას გაზრდის.


თუმცა, მან ახალი ღირებულების რაოდენობა არ დააკონკრეტა. მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, ფასი 1000 კუბურ მეტრზე 70 აშშ დოლარამდე გაიზრდება. ამჟამად, საქართველო “გაზპრომს” 1000 კუბურ მეტრ გაზში 60 აშშ დოლარს უხდის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button