ახალი ამბები

ნატოს შტაბბინაში საქართველოსთან IPAP-ის მიმდინარეობას განიხილავენ

საქართველოს დელეგაცია 18–19 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს, სადაც ნატოს ჩრდილო–ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გაიმართება შეხვედრა საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის 26+1 ფორმატში.


ვიზიტის მსვლელობისას ქართულ დელეგაციას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოფ სხეფერი.


ნატოს შტაბბინაში დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილება საქართველოს მიერ ნატოს–თან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით (IPAP) აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტში თბილისში ვიზიტისას ალიანსის შესაბამისი სამსახურის ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა  IPAP-ის მიმდინარეობის პირველადი შეფასება, რის საფუძველზეც მომზადდა IPAP-ის შეფასების დოკუმენტის პროექტი და წარედგინა ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს. 


IPAP-ის ფარგლებში საქართველო ნატოსთან გასული წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button