skip to content
ახალი ამბები

ბუში: საქართველოს მაგალითი დიდი წვლილია დემოკრატიის საქმეში







თავისუფლების მოედანზე ქართველებისადმი
მიმართვის შემდეგ ბუში ვაშინგტონში გაემგზავრა.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბევრი ისაუბრა მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიისა და მშვიდობის გავრცელებაზე და ასევე საქართველოს მიერ ამ საკითხში შეტანილი წვლილის შესახებ.

“თქვენი [საქართველოს] წვლილი თავისუფლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი თქვენი მაგალითია. იმედისმომცემი ცვლილებები ხორციელდება ბაღდადიდან ბეირუთამდე და ბიშკეკამდე. იყო მეწამური რევოლუცია ერაყში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში და კედარის რევოლუცია ლიბანში, თუმცა მანამდე იყო “ვარდების რევოლუცია“ საქართველოში“, განაცხადა ბუშმა.


“თქვენი სიმამაცე შთააგონებს დემოკრატიის რეფორმატორებს და მესიჯს აგზავნის მსოფლიოს მასშტაბით – თავისუფლება იქნება თითოეული ერის და ყველა ხალხის მომავალი“, დასძინა მან.


მანამდე, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ “ვარდების რევოლუცია“ “ძლიერი მომენტი იყო თანამედროვე ისტორიაში … მან მსოფლიოს მასშტაბით შთააგონა სხვებიც, ვისაც სურთ იცხოვრონ თავისუფალ საზოგადოებაში“.


ათასობით საქართველოს მოქალაქის წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს სუვერენული და თავისუფალი ქვეყანაა რეგიონსა და მსოფლიოში.


აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიის გზა “ადვილი არ არის“.


“ნამდვილი ცვლილება და ნამდვილი გამოწვევა არის თავისუფალი ინსტიტუტების მშენებლობა. ეს რთული საქმეა… თუმცა, თქვენ ამ გზაზე მარტო არ ხართ. ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდით დგას“, დასძინა ბუშმა.


მისი თქმით, “ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თავისუფალ ერებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და ერთად ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს“.


“თავისუფალი საზოგადოებები არის მშვიდობიანი საზოგადოებები და თავისუფლების გავრცელებით ჩვენ წინსვლას მივაღწევთ თავისუფლების და მშვიდობის საქმეში“, აღნიშმა აშშ-ის პრეზიდენტმა.


ბუშმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, თუმცა აქვე დასძინა, რომ „პრეზიდენტს [სააკაშვილს] ესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი“.


პრეზიდენტმა ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნამდვილად დემოკრატიული საზოგადოება  არის ის, რომელიც პატივს სცემს უმცირესობებს“. ამ მხრივ საქართველო “ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა“, დასძინა მან.


თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა პირობა დადო თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას, რომ  “საქართველო გახდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელეების საქმეში. ეს არის ჩვენი შემოთავაზება. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიდგებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში“.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button