ახალი ამბები

ბაღაფშმა მოსკოვში სოხუმის პოზიცია გააჟღერა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 15 მარტს მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა ეკონომიკური საკითხები იქნება, ხოლო პოლიტიკური საკითხების განხილვა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების, მათ შორის ენერგოსექტორში თანამშრომლობისა და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის, შემდეგ იქნება შესაძლებელი.  


სერგეი ბაღაფშმა, რომელიც 11 მარტიდან მოსკოვში იმყოფება, სოხუმის პოზიცია 15 მარტს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფქასის“ მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა. მან ასევე ისაუბრა რუსი სამშვიდობოების როლზე კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ურთიერთობებზე სხვა სეპარატისტულ რეჟიმებთან.    


ბაღაფშის თქმით, მოსკოვში ვიზიტის დროს იგი რუს ბიზნესმენებს შეხვდა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. “პოლიტიკური საკითხები განხილული არ ყოფილა, ამის საჭიროება არ იყო“, დასძინა ბაღაფშმა. გავრცელებული ინფორმაციით, 14 მარტს სერგეი ბაღაფში მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს შეხვდა.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, 2003 წელს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის ხელმოწერილი შეთანხმება უნდა გახდეს სოხუმსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი. 


“კერძოდ, ჩვენ ვთავაზობთ მოლაპარაკებების დაწყებას სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის და ენერგოსექტორში თანამშრომლობის თაობაზე. მხოლოდ შემდეგ გახდება შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემებზე საუბრის  დაწყება“, განაცხადა ბაღაფშმა “ინტერფაქსის“ მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე.


2003 წელს საქართველოსა და რუსეთის ლიდერები სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და დევნილთა აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, დაბრუნების პროცესის “სინქრონიზებაზე“ შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივ რეაბილიტაციას.


სერგეი ბაღაფშის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა გალის რაიონში დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია. “ის პირები, რომლებიც დაბრუნდებიან გალის რაიონში, შიდა აფხაზურ პასპორტებს მიიღებენ. ამ ხალხისთვის ორმაგი მოქალაქეობის [ქართულ-აფხაზური] მინიჭების შესაძლებლობა ასევე უნდა გახდეს განხილვის საგანი“, აღნიშნა აფხაზეთის ლიდერმა.


თუმცა, თბილისი მიიჩნევს, რომ ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ქართველ დევნილთა არაორგანიზებული დაბრუნება გალის რაიონში არ შეიძლება ჩაითვალოს დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პროცესად.


სერგეი ბაღაფშის თქმით, აფხაზეთში რუსული პასპორტების გაცემის პროცესი კვლავ გაგრძელდება. “მე, თვითონ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც ვარ და აფხაზეთისაც“, დასძინა მან.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, სოხუმი მზად არის “თბილისთან ურთიერთობების ნებისმიერ სცენარისთვის“. “თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს სცენარები მშვიდობიანი ხასიათის იქნება“, განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ რადგანაც არ არსებობს “სამშვიდობო შეთანხმება“ ქართულ მხარესთან, “რესპუბლიკაში მიმდინარეობს რეზერვისტთა სისტემატური წვრთნები“.


ბაღაფშის თქმით, კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობო ძალებს, რომლებიც რეგიონში სტაბილურობის გარანტს წარმოადგენენ, ალტერნატივა არ აქვთ. “ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვა ძალებს, რუსი სამშვიდობოების გარდა, აქ შემოვიდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. თუ რუსი სამშვიდობოების გასვლისა და სხვა ძალების შემოსვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში, მათ ჩვენ თვითონ ჩავანაცვლებთ. თუმცა, ეს გამწვავებას ნიშნავს“, განაცხადა თითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა.


ბაღაფშმა ასევე ისაუბრა გუდაუთის სამხედრო ბაზის შესახებ, სადაც ამჟამად რუსული მხარის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები იმყოფებიან. თუმცა, ამ სამხედრო ბაზის თაობაზე ბაღაფშის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება. 


საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, “საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე. მე ვფიქრობ, რომ გუდაუთის [სამხედრო] ბაზა შესაძლოა გახდეს ამგვარი ცენტრი – იქ ყველანაირი პირობა არსებობს“. ხოლო საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“ აცხადებს, რომ სერგეი ბაღაფშმა მხოლოდ მოსკოვს შესთავაზა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა გუდაუთაში. “იტარ-ტასი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, “ეს [ანტიტერორისტული ცენტრი] შესაძლოა გახდეს იმის ანალოგიური, რომელიც მოსკოვმა თბილისს შესთავაზა. ჩვენ ყველანაირი პირობა გაგვაჩნია ამგვარი ცენტრის შესაქმნელად“.


1999 წლის ეუთოს სტამბოლის ხელშეკრულების თანახმად, რუსულმა მხარემ იკისრა ვალდებულება გუდაუთის სამხედრო ბაზის 2001 წლამდე ლიკვიდაციის თაობაზე. რუსული მხარე აცხადებს, რომ მან გაიყვანა ჯარები გუდაუთიდან; თუმცა, თბილისი სიმართლის დასადგენად დაჟინებით მოითხოვს ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას. 


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ოთხი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის – ლიდერებს თავიანთი პოლიტიკის კოორდინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დაგეგმილია ამ რეგიონების ლიდერთა სამიტი.


“ხვალ ან ზეგ ჩვენ გადავწყვეტთ, თუ სად ჩავატაროთ ეს შეხვედრა“, აცხადებს “რია ნოვოსტი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. შეხვედრა ან მოსკოვში ან ჩრდილოეთ კავკასიის რომელიმე ქალაქში გაიმართება. 

მსგავსი/Related

Back to top button