ახალი ამბები

თბილისის აფხაზური პოლიტიკის ოთხი წინაპირობა

იმის პარალელურად, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, ქართველ ექსპერტთა ჯგუფი ხელისუფლებას ურჩევს ოთხი მთავარი წინაპირობა შეასრულოს. მათ შორისაა: სამხედრო რიტორიკაზე უარის თქმა, 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ობიექტური შეფასება, აფხაზურ მხარესთან თანასწორი მოპყრობა და აფხაზეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა, რაც თბილისის აფხაზური პოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა გახდეს.  
 
შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის საკითხებზე მუშაობენ,  5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ჩამოთვლილი ოთხი წინაპირობის შესრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის “კონსტრუქციული” დიალოგის დაწყებისთვის.
 
ღია წერილს ხელს აწერს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების 16 წარმომადგენელი, მათ შორის “კავკასიური სახლი“-დან, “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველო”-დან, “სტუდია რე”-დან, “კავკასიური დიალოგის ფონდი”-დან და სხვა ექსპერტები.
 
სამხედრო რიტორიკაზე უარის თქმა
 
ღია წერილის მიხედვით, ნომერ პირველ წინაპირობად საქართველოს მთავრობის მიერ სამხედრო რიტორიკაზე უარის თქმაა მიჩნეული, ხოლო პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად – კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზის აღიარება. 
 
“ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგანაც ქართველები აფხაზების მიერ აგრესორებად არიან აღქმული … ამგვარ შეხედულებას კი ხელი შეუწყო დღემდე არსებულმა პოლიტუკურმა ფორმულამ [ქართული მხარის]: “ჩვენ მზად ვართ კონფლიქტი გადავწყვიტოთ მშვიდობიანი, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით, მაგრამ თუ არ გამოგვდის, მაშინ სამხედრო ძალას მივმართავთ. ასეთი ფორმულის ტირაჟირებისას, საუბარი მშვიდობაზე მხოლოდ რიტორიკად აღიქმება“, ნათქვამია ღია წერილში.
 
წერილის ავტორებს სჯერათ, რომ სამხედრო რიტორიკის ფონზე აფხაზური მხარე ორიენტირებული იქნება მოსალოდნელი საფრთხის მოგერიებაზე და “შესაბამისად მოლაპარაკებების პროცესს დააკლდება სასურველი შედეგისთვის აუცილებელი კომპონენტი – “ნდობა“.
 
“ქართველთა მხრიდან ძალის არგამოყენების ნების გამოვლენა მნიშვნელოვანია სწორედ დღეს, როცა ქვეყანაში პრიორიტეტად ჯარის გაძლიერებაა დასახული. ნათლად და დამაჯერებლად უნდა გაცხადდეს, რომ ჩვენს მშენებარე ჯარს არ აქვს და არც ექნება მისიათა ჩამონათვალში აფხაზ ხალხთან სამხედრო დაპირისპირება … აფხაზურ საზოგადოებას სჯერა თავისი სიმართლის, მუქარა მასში ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის განცდასაც იწვევს. ამ ნეგატიური გრძნობის გაქარვების გარეშე კი კონფლიქტი არასოდეს გადაწყდება“, ნათქვამია ღია წერილში.
 
კონფლიქტის შეფასება
 
მეორე რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისადმი ითვალისწინებს “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაქსიმალურად ობიექტურ, ამომწურავ და გულწრფელ შეფასებას“.
 
“უნდა მოხდეს აფხაზეთში ომის დაწყების, მისი მიმდინარეობის, მისი დასრულების და ომისშემდგომი პერიოდის ანალიზი … თუკი ასეთი შეფასება არ განხორციელდა, მოლაპარაკებებს უკან გაჰყვება წარსულის ტვირთი“, ნათქვამია ღია წერილში.
 
ავტორთა თქმით, ქართულმა მხარემ ამ შეფასებაში “პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ შეცდომებზე და თავი შეიკავოს საპირისპირო მხარის შეფასებისაგან“.
 
მოლაპარაკებები პარიტეტულ საფუძველზე
 
მესამე წინაპირობის თანახმად, ქართულმა მხარემ აფხაზურს უნდა შესთავაზოს პარიტეტულ საწყისებზე მოლაპარაკებების დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე აფხაზურს უნდა მიუდგეს, როგორც თანაბარს.
 
“ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ქართველთათვის საპირისპირო მხარედ აფხაზები გვევლინებიან და დიალოგის ფოკუსირება სწორედ აფხაზურ მხარეზე უნდა მოხდეს და არა რომელიმე მესამე მხარეზე. ამ დიალოგში კი ისინი თანაბარნი უნდა იყვნენ“, ნათქვამია წერილში.
 
ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ დიალოგის პროცესი “მოგება-მოგების“ პრინციპზე უნდა იყოს ორიენტირებული.
 
წერილის თანახმად, ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ “ორივე მათგანი საზიარო ისტორიული სივრცის მქონე საზოგადოებებია, ორივეს გააჩნია თვითგამორკვევის დაუოკებელი სურვილი და ორივემ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს სურვილი არ უნდა ხორციელდებოდეს ერთმანეთის ინტერესების შელახვის ხარჯზე“.
 
ეკონომიკური სანქციების მოხსნა
 
მეოთხე წინაპირობა აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. “საქართველომ აქტიურად უნდა იზრუნოს კომუნიკაციების – რკინიგზის აღდგენაზე, აფხაზეთში ინვესტიციების დაბანდებაზე, აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“.
 
“აქამდე მოქმედი წინააღმდეგობრივი ფორმულა – “შემირიგდი, ჩემთან იცხოვრე, თორემ დაგსჯი“ – უნდა გაუქმდეს“, აცხადებენ წერილის ავტორები. 
 
“აღნიშნული წინაპირობების დაცვის შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობაში საფუძველი ჩაეყრება ნდობას, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ მოლაპარაკებების კონსტრუქციულ განვითარებას“, ნათქვამია ღია წერილში.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დეკემბერში მთავრობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად სამშვიდობო გეგმის მომზადება დაავალა. მისი თქმით, გეგმის შემუშავების პროცესში არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.
 
17 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის “ფედერალურ მოწყობას თვითაღიარებული რესპუბლიკების ფართო სტატუსით ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში“.  
 
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ 3 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ფართო სტატუსის პროექტზე მუშაობს. მისი თქმით, პროექტი 10 იანვრისთვის განსახილველად უშიშროების საბჭოს წარედგინება.
 
გოგა ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის შემთხვევაში პროექტი  დაეფუძნება უკვე არსებულ დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსთა და იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა.
 
დოკუმენტი ითვალისწინებს ორწევრიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნას. აფხაზეთს მიენიჭება ყველაზე ფართო ავტონომიური სტატუსი, რის სანაცვლოდაც მას მოუწევს დათმოს თავის უკომპრომისო პოზიცია სრული დამოუკიდებლობის თაობაზე. 
 

Back to top button