ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი ქართულ-აფხაზური დიალოგისთვის პრეზიდენტს 4 წინაპირობას სთავაზობს

შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის საკითხებზე მუშაობენ,  5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა მიმართვა, სადაც ჩამოთვლილია ოთხი წინაპირობა, რომელიც ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის “კონსტრუქციული” დიალოგის დაწყებისთვის მხარეებმა უნდა შეასრულონ.
 
კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს, რომ იგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაჭრას არ ეცდება.
 
“ხელისუფლების ფორმულა მზად ვართ კონფლიქტი მშვიდობიანი, პოლიტიკური  მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ, მაგრამ თუ არ გამოგვდის, მაშინ სამხედრო ძალას მივმართოთ, მხოლოდ რიტორიკად აღიქმება და აფხაზურ მხარეს აქცენტი მეორე ნაწილზე (სამხედრო ძალაზე) გადააქვს, რაც საშიშროების განცდას უძლიერებს“, ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების 16 წარმომადგენელი აწერს.
 
მეორე წინაპირობაა, რომ ქართულმა მხარემ ამომწურავი შეფასება მისცეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს. კერძოდ, უნდა გაკეთდეს ომის დაწყების, მისი მიმდინარეობის, დასრულების და ომის შემდგომი განვლილი 11 წლის ანალიზი, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ და სხვა ასპექტებში.
 
“მხოლოდ ამომწურავი შეფასების მიცემა იძლევა შანსს, რომ მხარეთა შორის დისკურსმა ვექტორი შეიცვალოს და წარსულის ხედვიდან მომავლის ხედვისკენ გადაინაცვლოს. ქართულმა მხარემ თავის შეფასებაში პასუხისმგებლობა [უნდა]აიღოს საკუთარ თავზე და თავი შეიკავოს საპირისპირო მხარის შეფასებისგან“, ნათქვამია მიმართვაში.
 
ქართულმა მხარემ აფხაზურს პარიტეტულ საწყისებზე აგებული  “მოგება-მოგების“ მოდელზე ორიენტირებული დიალოგი უნდა შესთავაზოს, როცა კონფლიქტის გადაწყვეტა “პრაგმატულად ღირებულია და ახალ-ახალი დივიდენდები მოაქვს მხარეთათვის”
 
მეოთხე პირობა კი აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას და ამით მოქმედი წინააღმდეგობრივი ფორმულის – “შემირიგდი ჩემთან იცხოვრე, თორემ დაგსჯი“ –  გაუქმებას ითვალისწინებს.
 
“უფრო მეტიც, საქართველომ აქტიურად უნდა იზრუნოს კომუნიკაციების, რკინიგზის აღდგენაზე, აფხაზეთში ინვესტიციების დაბანდებაზე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების ვარაუდით, ამ წინაპირობების დაცვის შემთხვევაში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში გაჩნდება ნდობა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ მოლაპარაკებების კონსტრუქციულად განვითარებას.
 
“მიგვაჩნია, რომ ნდობის გარეშე ვერავითარი პროექტი ან შეთავზება ქართველებისა და აფხაზებისთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს“, მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Back to top button