ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი არმიაში არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს






ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი მკაცრი
ტონით მოითხოვს მათ დაპატიმრებას, ვინც ქარ-
თული “არმია იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩააყენა,
ვიდრე ის [ვარდების] რევოლუციამდე იყო”. 
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 4 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ვითარება “საგანგაშოა”. მან გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოსთხოვა რამოდენიმე მაღალჩინოსანის, მათ შორის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, პაატა გაფრინდაშვილის  წინააღმდეგ.
 
ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის იმ ყოფილ თანამდებობის პირთა სახელები ჩამოთვალა, რომლებიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რამაც მისი თქმით, “ქართული არმია კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენა, ვიდრე [ვარდების] რევოლუციამდე იყო“.
 
“თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, არმიის განვითარების ფონდის უფროსი აკაკი ჩხენკელი, თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭელიძე, გენერალური შტაბის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ამირან ხიდაშელი. მინდა, რომ ეს ხალხი ერთი თვის ვადაში ციხეში ვიხილო“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
პაატა გაფრინდაშვილს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2004 წლიდან ეკავა, მათ შორის გიორგი ბარამიძის მინისტრობის დროს. ირაკლი ოქრუაშვილმა ბარამიძე დეკემბერში მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად შეცვალა. ამჟამად, გიორგი ბარამიძე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერია.
 
ოქრუაშვილის ამ განცხადების შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია “მზეს“ განუცხადა, რომ ოქრუაშვილი “ფაქტების შესახებ არ საუბრობდა, ეს მხოლოდ მისი ვარაუდები იყო“. “სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, განაცხადა ბარამიძემ.
 
ბრიფინგზე ოქრუაშვილმა არმიაში ფინანსური მაქინაციების კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა.
 
“დოკუმენტების მიხედვით, ბევრ სამხედრო ნაწილში ყაზარმების მშენებლობა დასრულებულია, თუმცა რეალურად სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია. უმეტეს ყაზარმაში მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. მე უკვე გადავუგზავნე ეს დოკუმენტები გენერალურ პროკურატურას რამდენიმე დღის წინ“, განაცხადა ოქრუაშვილმა.
 
თავდაცვის მინისტრის თქმით, ბევრი სამხედრო ნაწილი დაბალი ხარისხის საკვები პროდუქტებით მარაგდება. “მეორე მხრივ, ბევრ შემთხვევაში, უფრო ნაკლები საკვები მიეწოდება სამხედრო ნაწილებს, ვიდრე ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული“, დასძინა ოქრუაშვილმა.
 
“ადგილი აქვს ასევე საკვების მოპარვას სამხედრო ნაწილებიდან. ეს უკანასკნელი ყველაზე პატარა პრობლემაა და თავდაცვის სამინისტრო მას გენერალური პროკურატურის გარეშეც, თავად მოაგვარებს“, აღნიშნა მან.
 
ოქრუაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, ნიქოზის სამხედრო ნაწილის ყაზარმებში ამჟამად რემონტი მიმდინარეობს. “ამ მიზნით 70 000 ლარი გამოიყო, თუმცა  ეს ფული უბრალოდ გაქრა, რადგან ეს ყაზარმები მე თვითონ ჩემს მეგობრებთან ერთად გავარემონტე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს [2004 წლის ივნისი-დეკემბერი]“, განაცხადა ოქრუაშვილმა.
 
“5 000 ლარი დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროში ლიფტების შეკეთებაზე. მიუხედავად ამისა, არცერთი მათგანი არ მუშაობს“, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
 
მისი თქმით, ამ “საგანგაშო მდგომარეობის“ გამო, ბევრი სახელმწიფო მოხელე თანამდებობას დატოვებს, “და არა მარტო დატოვებს, არამედ ციხეშიც მოხვდება“. 
 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button